საქართველოს თავისი წვლილი შეაქვს სამხრეთ კავკასიის რეგიონის ტრანსფორმაციაში და ცდილობს ის კონფლიქტების რეგიონის ნაცვლად, ცივილიზაციათა დიალოგისა და ეკონომიკური კეთილდღეობის სივრცედ აქციოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, მიესალმება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო ინიციატივას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის.

„იქიდან გამომდინარე, რომ მშვიდობის მნიშვნელობას სიღრმისეულად ვაცნობიერებთ, საქართველოს თავისი წვლილი შეაქვს სამხრეთ კავკასიის რეგიონის ტრანსფორმაციაში და ცდილობს, ის კონფლიქტების რეგიონის ნაცვლად, ცივილიზაციათა დიალოგისა და ეკონომიკური კეთილდღეობის სივრცედ აქციოს. მივესალმებით პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო ინიციატივას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ისევე როგორც მის ძალისხმევას, მალე დასრულდეს რუსეთ-უკრაინის სისხლისმღვრელი ომი. საქართველო ყოველთვის მხარს უჭერდა და აქტიურად იღვწოდა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მდგრადი და გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად, ისევე როგორც, მეზობლებს შორის ურთიერთნდობისა და თანამშრომლობის გასაღრმავებლად. საუკუნეების მანძილზე, ჩვენი ქვეყანა ცივილიზაციათა გზაჯვარედინსა და განსხვავებულ კულტურათა დიალოგის სივრცეს წარმოადგენდა. დღეს საქართველო იბრუნებს თავის ისტორიულ ფუნქციას“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.