„დღეს, ასეთ კარგ განწყობაზე მყოფებს, რადგან საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზეა და ყველა ეიფორიაშია, მაინც სალომე ზურაბიშვილის არასწორ განცხადებებსა და ქმედებებზე რომ გვიწევს კომენტარის გაკეთება, ძალიან სამწუხაროა.“ - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
„სალომე ზურაბიშვილმა ელჩებს ხომ მიმართა და ფაქტობრივად, გადადგომისკენ მოუწოდა. პარალელურად, მიმართა ქართველ ამომრჩეველსაც და უთხრა, რომ წლევანდელი არჩევნები ჩვეულებრივი არ იქნება. ეს არის ის, რასაც ამდენი ხანია ვამბობთ - ზურაბიშვილი გარე დაკვეთების შემსრულებელია. ახლაც მიიღო დაკვეთა, რომ პოლიტიკური სიტუაცია არიოს, თუმცა ამის რესურსი მას არ აქვს.
ამ ყველაფრის წინააღმდეგ მუშაობს ის, რაც ჩვენ, „ხალხის ძალამ“ დავიწყეთ - მხილება. ჩვენი საზოგადოების ინფორმირება უნდა გაგრძელდეს. ყველაზე მთავარია ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის განცდა, რომელიც უკვე თითოეულმა მოქალაქემ შეიგრძნო და ამის გარშემო უნდა ვიყოთ გაერთიანებულები. უმრავლესობამ დაინახა, რომ საქართველო თავის უფლებებს იცავს და ამიტომ მიდის ამ ქვეყანაზე ზეწოლა. ამავდროულად, საზოგადოებამ დაინახა, რომ ეროვნულობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვამ საქართველოს წარმატება და მშვიდობა მოუტანა, მშვიდობამ კი - ეკონომიკური ზრდა.“ - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა