საქართველოს ნაკრების მწვრთნელის პროფესიონალიზმზე, ფეხბურთელების მომზადებასა და გულშემატკივრის თავდადებაზე „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, წარსულში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ მწვრთნელის გონივრული მოქმედების, ფეხბურთელების მომზადების, გამართული ტაქტიკის და შეკრული გუნდის წყალობით, საქართველოს ნაკრებმა გამარჯვებას მიაღწია.
ყაველაშვილი დარწმუნებულია, რომ 26 მარტი არ დარჩება საქართველოს უახლოეს ისტორიაში, როგორც კიდევ ერთი საფეხბურთო დღესასწაული 13 მაისის მსგავსად და წინ ქართულ ფეხბურთს კიდევ ბევრი წარმატება ელოდება, რისი დიდი პოტენციალიც, ყაველაშვილის თქმით, ქართულ ფეხბურთს გააჩნია.
„მთავარ მწვრთნელზე მინდა ვთქვა, მიუხედავად იმისა, რომ ვილი სანიოლი დიდი გამოცდილებისა და უამრავი ტიტულის მფლობელი ფეხბურთელია, როგორც მწვრთნელი, ის ახალგაზრდად ითვლება, რადგან დიდი სამწვრთნელო გამოცდილება არ აქვს. მაგრამ დასამახსოვრებელი იყო მისი განცხადება, როცა მან ლუქსემბურგის ნაკრების დამარცხების შემდეგ მოუწოდა ფეხბურთელებს, არ ჩავარდნილიყვნენ ეიფორიაში და გადართულიყვნენ მომდევნო თამაშისთვის მზადებაზე. ეს მოწოდებაც მომდინარეობდა მისი, როგორც ფეხბურთელის გამოცდილებიდან, ვინაიდან მას არაერთი ტურნირი აქვს მოგებული. საბერძნეთთან თამაში ნერვების ომი იყო, მაგრამ ძნელად მახსენდება ასეთი თანმიმდევრული, პროფესიული თვალსაზრისით გამართული თამაში. მთელი მატჩი გარდამავალი უპირატესობით იმართებოდა, თუმცა უნდა ითქვას, რომ ძალიან ბევრ გუნდს გაუჭირდებოდა საბერძნეთისთვის წინააღმდეგობის გაწევა, იმდენად დახვეწილი და რთული გუნდია. მათ ტაქტიკურად შესწავლილი ჰქონდათ ჩვენი ემოცია. იცოდნენ, რომ ინდივიდუალურად ძლიერები ვართ და ცდილობდნენ როგორმე ჩაეხშოთ ემოცია ნელი ტემპით, ფრთხილი თამაშით. ისინი არ რისკავდნენ და ცდილობდნენ ტემპის დაგდებას, ხედავდნენ რა, მაყურებლის თანადგომას და განცდას. მაგრამ, მინდა ხაზი გავუსვა სანიოლის გონივრულ მოქმედებას და ბიჭების მომზადებას - ჩვენ არ ავყევით ამ ემოციას და გამართული ტაქტიკით და შეკრული გუნდით, განსაკუთრებით უკანა პლანზე თამაშით, მივიყვანეთ მატჩი მაყურებელთან ერთად გამარჯვებამდე. სწორედ შესწავლილი ტაქტიკით, იმით, რომ ყველამ იცოდა თავისი ფუნქცია, მივედით შედეგამდე.
ის, რაც გუშინ მოხდა, არ უნდა იქცეს გამარჯვების ერთ დღედ, ისე, როგორც 13 მაისი დაგვრჩა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო ზღვაში წვეთი და დასაწყისი მომავალი გამარჯვებების, რადგან ქართულ ფეხბურთს დიდ ტურნირებში მონაწილეობის დიდი შესაძლებლობები და პოტენციალი აქვს," - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.