მიკვირს, როცა სტრატეგიას ისე სახავენ, რომ ვიღაც თანამშრომლობას აპირებს მელიასთან, მაგრამ არ აპირებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“. გეგონება, მელია რომელიმე სხვა პარტიიდან ან დაჯგუფებიდან იყოს მოსული. შიდა განხეთქილების შედეგად ნანგრევების კონფიგურაციაა, რასაკვირველია, დღეს ისევ საუბარია „ნაცმოძრაობის“ თანამშრომლობაზე, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
სარჯველაძის თქმით, დადასტურდა, რომ ვიდრე მელია „ნაცმოძრაობაში“, პარტიის ხელმძღვანელი იყო, „ლელო“ და „ნაცმოძრაობა“ ურთიერთთავსებადი პარტიები ყოფილან.
„ოპოზიციაში მიმდინარე გადაჯგუფებებს არაფერი აქვს საერთო კეთილსინდისიერ და პრინციპულ პოლიტიკასთან. სინამდვილეში, ეს ნაკარნახებია მხოლოდ მერკანტილური მიზნებით, რომ საკუთარი ვიწროპარტიული გადმოსახედიდან ნახონ შესაძლებლობა, ბარიერი გადალახონ. ამ გაერთიანებებს სხვა ფუნქცია არ აქვთ. შეუძლებელია, ვინმემ ახსნას, რა არის იდეოლოგიური თანხვედრა „ლელოსა“ და მელიას შორის. ამის დადგენა შეუძლებელია, რადგან გამოკვეთილი არ ყოფილა. ცალკეულ ლიდერებს პერსონალური თავსებადობა როგორი აქვთ, ეს არის ამ გაერთიანება-არგაერთიანების განმსაზღვრელი. „ნაცმოძრაობასთან“ თანამშრომლობა იმდენად უარყოფითი ფაქტორი და იარლიყია, ამის გამხელა არავის უნდა და ამითაა ნაკარნახევი ვითომ „ნაცმოძრაობასთან“ ართანამშრომლობა. წარმოიდგინეთ, „ნაცმოძრაობიდან“ გამოძევებულ ხალხთან თანამშრომლობა რამდენად დამაზიანებელი შეიძლება აღმოჩნდეს, იგივე „ლელოსთვის“. ეს ის შეცდომებია, რაც შემოდგომაზე ოპოზიციის წარუმატებლობის მიზეზი იქნება. რაც შეეხება „ლელოს“ შანსებს, საარჩევნო ბარიერის გადალახვის შანსი პრაქტიკულად არ აქვს. ალბათ, წინა არჩევნებზე დაფიქსირებული მაჩვენებლის გაუმჯობესების პერსპექტივაც კი არ აქვთ, თუ არ ჩავთლით იმ შესაძლებლობებს, რაც ოპოზიციურ ფლანგზე „ნაცმოძრაობის“ დიდი ფიასკოს შემდეგ გაჩნდა. შეიძლება, ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის ნაწილი აღმოჩნდეს, ვისაც ეს ჯგუფი იზიდავდეს. როგორც ჩანს, მელიასთან დაწყებული კონსულტაციაც ამ მიზანს ემსახურება. „ლელოს“ განახლების განა რა რესურსი აქვს, თავისი თავის გასჭირვებია. არ მგონია, მათ რაიმე პერსპექტივა ჰქონდეთ, რომ განახლება შეძლონ“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძემ 2023 წლის 28 დეკემბერს განაცხადა, რომ „ლელოს“ ნიკა მელიასთან ერთიანი სტრატეგიული პარტნიორობა ექნება, თუმცა არჩევნების წინ გაერთიანებას და ახალი სახელით წარდგომას არ გამორიცხავს. დღეს კი, „ლელოს“ წევრმა, ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ამ მომენტისთვის ნიკა მელიასთან არანაირი კონსულტაცია არ მიმდინარეობს.