აღიარებულია ის, რომ საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული მიმართულება, რა მიმართულებითაც მთელი შემდგომი განვითარება უნდა წარიმართოს, გახლავთ ე.წ. შუა დერეფნის ფუნქციის შესრულება, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თუ საქართველოს სურვილი აქვს, რომ შუა დერეფნის ფუნქციას ასრულებდეს, მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კარგი ურთიერთობების ქონა ევროკავშირთან და მეორე მხრივ ჩინეთთან.

„ამ სტრატეგიის [ე.წ. შუა დერეფნის ფუნქციის შესრულება] განხორციელებისთვის თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ჩინეთის მონაწილეობის გამორიცხვით შეიძლება ამ სტრატეგიული მიზნის მიღწევა, რასაკვირველია, ის ან იტყუება, ან უბრალოდ იმდენად დილეტანტურია ეს შეხედულება, რომ უბრალოდ განსახილველადაც არ ღირს. თუ საქართველოს სურვილი აქვს, რომ შუა დერეფნის ფუნქციას ასრულებდეს, მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აქტიური და ინტენსიური სავაჭრო ურთიერთობები, კარგი ურთიერთობების ქონა ევროკავშირთან და მეორე მხრივ ჩინეთთან“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ჩინეთში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი გრძელდება. დელეგაციის წევრები ქვეყნის ხელმძღვანელ პირებს პეკინსა და შანხაიში ხვდებიან. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ საქართველოსთვის, როგორც „შუა დერეფნის“ ფუნქციის შემსრულებლისთვის, აუცილებელია მყარი სტრატეგიული ურთიერთობა როგორც ევროპასთან, ასევე ჩინეთთან, რაც ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას ემსახურება.