ეს არის პრაქტიკულად 100%-ით დახვეწილი პროგრამა იმ საჭიროებების გათვალისწინებით, რაც ზოგადად ქვეყანას აქვს, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„შესაძლოა ოპოზიციას გულწრფელად კი სჯერა, რომ რეალურად რაღაცები პროგრესისკენ წავა, მაგრამ არამც და არამც არ აღიარებენ. მთავარი ისაა, რომ პროგრამა გამართულია და ყველა ხედავს, რომ მთავარი ღირსება ამ პროგრამის ისაა, რომ გარდა იმისა, რომ ამბიციურია, ის რეალისტური და დამაჯერებელია“, - აღნიშნა სარჯველაძემ.
სამთავრობო პროგრამა - „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, სამთავრობო პროგრამის მიზანია ეკონომიკის მეტად სტიმულირება, თითოეული მოქალაქისათვის სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება, დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერება და საქართველოს ევროკავშირში გაწევრებისთვის საჭირო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.