გასაგებია, რომ პოლიტიკოსები ცდილობენ ამ გარემოების ხელისუფლების მიმართ კრიტიკისთვის გამოყენებას, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ეს არც კეთილსინდისიერია და, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, დილეტანტურიც არის ასეთი არგუმენტებით ჟონგლიორობა, - ამის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ კეკელიძის ქუჩაზე ზამთარში ჩატარებული იძულებით აღსრულების ღონისძიებაზე საუბრისას განაცხადა.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომელიც 2012-2013 წლებში აღსრულების ბიუროს თავმჯდომარე იყო, აღნიშნა, რომ არცერთ ხელისუფლებას არ გაუკეთებია იმდენი, მოვალის მაქსიმალურად დასაცავად, რამდენიც „ქართულმა ოცნებამ“.
„რაც ყველაზე მთავარია, პრაქტიკა შეიცვალა, მათ შორის აღსრულება. 4 წელი რომ მუშაობს აღსრულების ეროვნული ბიურო იმაზე, რომ იქნება რამენაირად მორიგება შედგეს - ეს არასოდეს ყოფილა წინა ხელისუფლების დროს აღსრულების ეროვნული ბიუროს საზრუნავი. ამდენ დროს, ენერგიასა და რესურსს ისინი ამაზე არ ხარჯავდნენ. ის ხალხი, რომელიც ახლა გამოდის და აღშფოთების სიმულირებას ცდილობს“, - განაცხადა სარჯველაძემ.
მან მომხდართან დაკავშირებით „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის გაკეთებულ განცხადებაზეც ისაუბრა და მას „პოლიტიკური და ზნეობრივი უტიფრობა“ უწოდა.
„ეს ხომ კომიკური და სატირალიც არის, ლამის 76-ე სონეტის გაგრძელებად იქცა, რომ მამუკა ხაზარაძე, ბანკიდან მოსული ადამიანი საუბრობს იმასთან დაკავშირებით თუ როგორი აღშფოთებულია ამ ყველაფრით. ეს ხომ მართლა კომიკურად გამოიყურება. საბანკო სისტემიდან მოსული ადამიანი არცერთ შემთხვევაში არ უნდა საუბრობდეს ასეთ თემებზე. ეს არის პოლიტიკური უტიფრობა. პოლიტიკური და, იმავდროულად ზნეობრივი უტიფრობაც, იმიტომ რომ არ შეიძლება უბრალოდ იმიტომ რომ დღეს ასე გაწყობს, ასე ილაპარაკო. ეს არ არის არც სამართლიანი, არც კეთილსინდისიერი. სხვათა შორის, ამას ამომრჩეველიც ძალიან მარტივად ხედავს“, - აღნიშნა სარჯველაძემ.
პარტია „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ზამთარში ოჯახების გარეთ გამოსახლება არის კატასტროფა. როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ყველა ქვეყანაში მსგავსი რამ ზამთარში აკრძალულია.