"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხატია დეკანოიძე "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ კანონპროექტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
"უცხოური ძალის აგენტად ითვლება ნებისმიერი პირი, ვინც თავს უცხოურ აგენტად წარმოაჩენს, უცხოური ძალის აგენტად არ ითვლება პირი, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა, ბიძინა გამორიცხეს" - წერს ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში.
მმართველი გუნდი ხატია დეკანოიძის არაკომპეტენტურობაზე საუბრობს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მათი ოპონენტი დეზინფორმაციას მიზანმიმართულად ავრცელებს.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ხატია დეკანოიძის პოსტი ნიშანდობლივია, რადგან, მისი თქმით, ოპოზიცია ცდილობს, რომ ყველაზე ევროპული და გამართული კანონებიც კი პრორუსულად წარმოაჩინოს.
"რუსულად მოიხსენიებს ხატია დეკანოიძე იმ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც არის აბსოლუტური თარგმანი აშშ-ში მოქმედი საკანონმდებლო აქტისა. ლოგიკურად, ეს ლოგიკის ელემენტარული კანონია, ამ მსჯელობიდან რასაც ხატია დეკანოიძე გვთავაზობს გამოდის, რომ შეერთებულ შტატებში მოქმედებს რუსული საკანონმდებლო აქტი. ამაზე მეტი აბსურდი ძნელად წარმოსადგენია, მაგრამ ნიშანდობლივია ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ძალიან კარგად წარმოაჩენს თუ როგორი დამოკიდებულებებია დღეს ოპოზიციაში, როდესაც ცდილობენ, რომ ყველაზე ევროპული, სწორი, გამართული გადაწყვეტილებებიც კი, მარტო იმიტომ რომ პოლიტიკური მიკერძოება აქვთ ამ ადამიანებს, წარმოაჩინონ როგორც პრორუსული, როგორც უსწორო და ა.შ. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ რაღაც ფორმით შეცდომაში შეიყვანონ ამომრჩეველი და მოსახლეობა. ეს არის ყველაზე მეტად რაც გამოჩნდა, საყურადღებო, ხატია დეკანოიძის პოსტიდან," - აცხადებს სარჯველაძე.