პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ უსამძიმრებს და აცხადებს, რომ ამ მასშტაბის ტრაგედია ერს უნდა აერთიანებდეს.
„პირველ რიგში, დაღუპულთა ოჯახის წევრებს ვუსამძიმრებ, მათ მთელი საქართველო გლოვობს. უმძიმესი დღეები და უმძიმესი მდგომარეობაა. საუბედუროდ, ეს ისეთი მასშტაბისა და ზომის ტრაგედიაა, რომელიც ერს უნდა აერთიანდებდეს. ამის მიუხედავად, ჩვენ ვნახეთ პოლიტიკურად მოტივირებული ჯგუფები, რომელთაც უზნეო გამოხდომები აქვთ იმ მიმართულებით, რომ ცდილობენ, ტრაგედია ვიწროპარტიული ინტერესებისთვის გამოიყენონ. რასაკვირველია, ეს ძალიან გულსატკენი და დასანანია. ეს არის ის, რისგანაც მთლიანად დაცლილი უნდა იყოს ნებისმიერი ქვეყნის პოლიტიკური პროცესი. ახალი ამბავი არ არის, რომ საქართველოში არსებობენ პოლიტიკური ჯგუფები, რომელთათვის ნომერ პირველ ღირებულებად ხელისუფლებისთვის ბრძოლა გამხდარა და ეს არის ყველაზე დიდი უბედურება მათთვის. ქვეყანაში არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომელთათვის მისაღებია, ქვეყნის რეპუტაციას ებრძოლონ მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლებასთან კონკურენციაში მოიგონ. დაახლოებით იგივე ხალხია, ვისთვისაც ქვეყნისა და ხალხის ინტერესები არ არის პირველხარისხოვანი და ყველაფერს კადრულობენ. ამ შემთხვევაში ვიღაც კადრულობს, რომ ეს ტრაგედია ხელისუფლებასთან საკინკლაოდ გამოიყენოს და აბსოლუტურად უადგილოდ ბრიფინგს მართავს. ვიღაც კი, დეზინფორმაციის გავრცელებას კადრულობს. საუბარი არ არის იმაზე, რომ ვინმემ კითხვა დასვას, ინტერესი გამოთქვას რაღაც საკითხის შესწავლაზე. ყველამ კარგად გაიგო, რომ ამ ოპერაციებში ვერტმფრენის მონაწილეობა ზედმეტი იყო და რეალურად ფუნქცია არ ჰქონდა, მაგრამ მაინც ცდილობენ, საზოგადოებას შეუქმნან შთაბეჭდილება, თითქოს ვერტმფრენის ყოლა-არყოლაზე იყო დამოკიდებული რაღაც სამძებრო ოპერაციების წარმატებულობა. ცდილობენ, ხელოვნურად შექმნან დრამატული ისტორიები, რაც უკავშირდება უცხოეთიდან ტექნიკის მოთხოვნას ან მაშველების გამოძახებას. ყველა კარგად ხვდება, რომ საუბედუროდ, შოვში არსებული ფიზიკური მდგომარეობა არ იძლევა საშუალებას, რომ ნაკლებობა გვქონდეს ადამიანების ან ტექნიკის. საკმარისზე მეტია ტექნიკაც და ადამიანებიც, მაგრამ, საუბედუროდ, ისეთი მდგომარეობაა, რომ იმაზე მეტს ვერ გააკეთებ, რაც კეთდება. თქვან, რა კონკრეტული ღონისძიება იყო, რამაც დროში დაიგვიანა, უფრო ადრე გაკეთებულიყო და რამაც გამოიწვია ტრაგიკული შედეგი. ვეებერთელა ტერიტორიაზე განფენილია ტალახის მასა, სადაც არც იდენტიფიცირებადია ადამიანების მდებარეობა და არც ისაა შესაძლებელი, განსაზღვრო, ვინ სად შეიძლება იმყოფებოდეს. არ დაგვავიწყდეს, რომ იქ არის წყალნარევი მიწის მასა, სადაც არ შეგიძლია, ორმო ამოთხარო და სამძებრო სამუშაოები აწარმოო. როცა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები განცხადებას აკეთებენ, რომ გამოძიება უნდა დაიწყოს, თვითმიზნად აქვთ დასახული გამოძიების დაწყება და მიმდინარეობა, რასაკვირველია, ეს ხალხი ცდილობს, გაარკვიოს, პოლიტიკური ამოცანა რაში დაინახოს, ამ უბედურებიდან სარგებელი რაში ნახოს. პირველ რიგში, სპეციალისტების დასკვნებით უნდა ვიმსჯელოთ. მაგალითად, როცა ცხადდებოდა, რომ წყლის დონემ აიწია, დაიწია და ა.შ. ამას აქვს მეცნიერული დასაბუთება, არგუმენტაცია, სად, რამ დაიკლო. ვინმეს არავითარი მიზეზი არ არ აქვს, თქვას, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში წყალი გუბდებოდა. ყოველ შემთხვევაში, ასეთია პირველ ეტაპზე მოპოვებული ინფორმაცია და რასაც სპეციალისტები ამბობენ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.