ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ჩვენ უკვე ვიცით, რას ვაპირებთ, ვაპირებთ გამარჯვებას, ქართველი ხალხი აპირებს გამარჯვებას, ეს არ იქნება ერთი პარტიის გამარჯვება მეორე პარტიაზე, სულ სხვა არჩევნები იქნება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა და აღნიშნა, რომ 26 ოქტომბერი იქნება წარსულზე მომავლის გამარჯვება.
"ეს იქნება ქართველი ხალხის გამარჯვება რუსეთზე და მის მოციქულზე, ივანიშვილზე. ეს იქნება წარსულზე მომავლის გამარჯვება. ჩვენ ვართ მთლიანად ორიენტირებული მომავალზე, თავისუფლებაზე, პოლიტიკაში ახალი თაობის შემოყვანასა და მათთვის გზის დათმობაზე. ეს ყველაფერი განხორციელდება. დასავლეთი ცხადად გვეუბნება, იბრძოლებთ, ვიდგებით თქვენ გვერდით. თუ არ გინდათ ბრძოლა, მაშინ ვერაფერს გავაკეთებთო, მაგრამ ჩვენ გვინდა ბრძოლა. ჩვენ გვინდა სიმტკიცე, ძალადობა, რომელსაც ისინი აპირებენ, წააწყდება ხალხის ძალიან მყარ კედელს და ვერანაირი რობოკოპები, რეზინის ტყვიები, რუსული ჯაშუშები მათ ვერ უშველით, რადგან მთლიანად საქართველო არის როგორც არასდროს გაერთიანებული. ასეთი ისტორიული მომენტი არასდროს ყოფილა და 26 ოქტომბერი გადაიქცევა ამ ერთიანობის დიდ ზეიმად. ყველაფერი გამოგვივა, რასაც ხელს მოვკიდებთ და მოკიდებული გვაქვს ხელი ძალიან მაგარ რაღაცაზე, საქართველოს გადარჩენაზე, სამშვიდობოს გაყვანაზე. რაც უნდა ქნას დიქტატორულმა რეჟიმმა, წასულია მაგათი საქმე, დამთავრებულები არიან, ეს უნდა გავაფორმოთ მაქსიმალურად მშვიდობიანად, მთლიანად მშვიდობიანად და ქვეყნისთვის მინიმალური დანაკარგებით“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.