საქართველოს მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტმა თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელ პროცესზე პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს მიმართა. 

"მართლაც საოცრებაა ასეთი დაცინვაა მართლმსაჯულების ასე აბუჩად აგდება, როცა თქევნ შეგიძლიათ უსაშველოდ მასამართლოთ და მრავალი წელი გავიდა...

მე მინდა ვუთხრა ივანიშვილს, კაცო! ყველა რეკორდი მოხსენი უკვე შენ! გუშინ პუტინმა და ლუკაშენკომ გაუშვა ბოლო პოლიტპატიმრები. სადამდე უნდა გყავდეთ ციხეში, მე და სხვა პოლიტპატიმრები?!" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

ცნობისთვის,  დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს სააზღვრის უკანონო კვეთის საქმეში ბრალდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა დაიწყო.

2021 წლის 20 ოქტომბერს საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა.

“საქართველოს პროკურატურამ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა და მიმდინარეობს ბრალის წარდგენის სამართლებრივი პროცედურები. ამასთან, მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, პროკურატურამ მოპოვებული ახალი მტკიცებულებების საფუძველზე, ე.ც.-ს სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის და საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებისთვის ბრალი დაუმძიმა, ხოლო გ.ნ.-ს, რომელიც სამართალდამცველებმა 19 ოქტომბერს დააკავეს, ბრალდება მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის წარუდგინა. აქვე, საზოგადოებას შევახსენებთ,რომ მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის ბრალდებულია კიდევ ორი პირი – შ.წ. და ზ.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ 28 სექტემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, უკრაინიდან, კერძოდ, ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში შემოვიდა გემი, სახელწოდებით „ვილნიუსი“. აღნიშნული გემიდან 29 სექტემბერს, 01:04 საათზე ჩამოვიდა შპს ,,IKA TRANS“-ის საკუთრებაში არსებული „SCANIA“-ს ფირმის ე.ც.-ს მფლობელობაში არსებული მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალება – ტრაილერი, რომელიც დატვირთული იყო რძის პროდუქტებით. აღნიშნული ტრაილერი ჯერ ხიდზე შეჩერდა, რის შემდეგაც ე.ც.-მ რეგისტრაციამდე ტრაილერი მოსაცდელ ადგილზე გააჩერა, საიდანაც 01:44 საათზე დაიძრა გასასვლელისკენ. რამდენიმე ათეული მეტრის გავლის შემდეგ, 01:47:27 საათზე, ფოთის პორტის ტერიტორიაზე ე.ც.-მ გააჩერა სატვირთო ავტომანქანა და მივიდა ავტომანქანის მისაბმელის უკანა კართან, საიდანაც 01:49:37 საათზე ჩამოვიდა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მარჯვენა მხრიდან სატვირთო ავტომანქანის კაბინაში ჩაჯდა. ამ ქმედებით, მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო კონტროლის გვერდის ავლით, ე.ც.-ს დახმარებით უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. მიხეილ სააკაშვილის ზემოაღნიშნულ მისაბმელში ყოფნა, სადაც განთავსებული იყო რძის პროდუქტები, დადასტურებულია მისი კუთვნილი ტელეფონიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერებით და ვიდეო ექსპერტიზით. აღნიშნულის შემდეგ, 01:50:52 საათზე ე.ც.-მ ნელი სვლით და ჩართული საავარიო შუქსიგნალიზაციით გააგრძელა გზა გასასვლელისკენ, თუმცა 01:53:06 საათზე კიდევ შეჩერდა გზაში, გადავიდა ტრაილერის უკანა კართან, შეამოწმა სწორად ჰქონდა თუ არა დაკეტილი კარი, დაბრუნდა სატვირთო ავტომანქანის საჭესთან და გააგრძელა გზა. ტრაილერი 02:08:30 საათზე მივიდა გეზთან, სადაც ელოდებოდნენ შ.წ და ზ.წ. მათი მართვის ქვეშ მყოფი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით. 02:15 საათიდან 02:20 საათამდე პერიოდში მიხეილ სააკაშვილი გადაჯდა „მერსედესის“ მარკის ავტომანქანაში, ხოლო ე.ც.-მ ტრაილერი დააყენა გეზის ტერიტორიაზე. 03:13:35 საათზე ე.ც. ფეხით გავიდა გეზის ტერიტორიდან და ჩაჯდა „მერსედესის“ მარკის ავტომანქანაში, სადაც ასევე იმყოფებოდნენ მიხეილ სააკაშვილი, შ.წ., ზ.წ. და წავიდნენ აბაშის მიმართულებით. იმავე დღეს, დაახლოებით 04:03 საათზე, ისინი ჩავიდნენ აბაშის რაიონის სოფელ ტყვირში მდებარე ე.ც.-ს საცხოვრებელ სახლში. 29 სექტემბერს, დღის საათებში, ე.ც. დაუკავშირდა მის მეგობარს გ.ნ.-ს და სთხოვა ფოთში, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში მისი ავტომანქანის ვეტშემოწმებაში დახმარება. გ.ნ. რეგისტრაციის გავლის შემდეგ, 29 სექტემბერს, 16:43 საათიდან 17:50 საათამდე დროის პერიოდში, ფოთი-ხობი-სენაკის გავლით გადაადგილდა აბაშის მიმართულებით და გაჩერდა. პარალელურად, ე.ც. და მიხეილ სააკაშვილი თეთრი ფერის „FORD“-ის ფირმის „TRANSIT“-ის მოდელის მიკროავტობუსით, 18:34 საათიდან 20:51 საათამდე დროის პერიოდში, აბაშის რაიონის სოფელ ტყვირიდან ლანჩხუთი-ფოთი-ოზურგეთი-ქობულეთის გავლით გაემართნენ ბათუმის მიმართულებით, ხოლო იმავე ტრანსპორტით ბათუმიდან აბაშის მიმართულებით დაბრუნდნენ 20:35 საათიდან 22:48 საათამდე დროის პერიოდში. 29 სექტემბერს, 22:48 საათიდან 23:04 საათამდე პერიოდში მიხეილ სააკაშვილი და ე.ც. გადასხდნენ სოფელ ტყვირის ტერიტორიაზე გაჩერებულ „SCANIA“-ს ფირმის მისაბმელიან სატრანსპორტო საშუალებაში, სადაც ასევე იმყოფებოდა გ.ნ. და დაიწყეს მოძრაობა თბილისის მიმართულებით. ზემოაღნიშნული პირები თერჯოლა-არგვეთა-ზესტაფონი-სურამი-ხაშური-გორი-მცხეთის გავლით გადაადგილდნენ თბილისის მიმართულებით და ქ.თბილისში, ერწოს ქუჩაზე მდებარე ე.ც.-ს საცხოვრებელ ბინასთან დაახლოებით 04:25-04:30 საათზე მივიდნენ. ე.ც.-ს საცხოვრებელ ბინასთან აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან ჩამოვიდნენ მიხეილ სააკაშვილი და ე.ც., რომლებიც დაბინავდნენ საცხოვრებელ ბინაში, ხოლო გ.ნ.-მ გააგრძელა გზა და დაახლოებით 05:24 საათიდან 05:28 საათამდე პერიოდში, კახეთის გზატკეცილის გავლით მივიდა თბილისის გეზ-ში, სადაც გადმოცალა ტრაილერიდან დატვირთული პროდუქტები და 14:39 საათზე ავტომანქანა გააჩერა თბილისში, ო.ხიზანიშვილის ქუჩაზე მდებარე ტრაილერების სადგომზე. სამართალდამცავებმა მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში, ე.ც. საცხოვრებელ ბინაში დააკავეს. სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. დადგენილია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის და გადაადგილების ზუსტი მარშრუტი, შესწავლილია 112-ს სათვალთვალო კამერების ასეულობით ვიდეოჩანაწერი, ასევე, კერძო კომპანიების სათვალთვალო კამერები. გამოკითხულია საქმესთან კავშირში მყოფი 69 პირი, გამოთხოვილი და შესწავლილია საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების მობილურ ტელეფონებზე მომსახურე ანძების და მათი ადგილმდებარეობის, დაფარვის ზონის და რადიუსის შესახებ ინფორმაციები. საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს მეშვეობით უკრაინის რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებში გადაგზავნილია შუამდგომლობები სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ; ბრალდებულების საცხოვრებელ სახლებში ჩატარდა ჩხრეკები და ამოღებულია საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები; საქმეზე ამოღებულ მობილურ ტელეფონებზე და ამავე მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილ ვიდეოჩანაწერებზე დანიშნულია 4 საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზა; საქმეზე ამოღებულ ბრალდებულ ე.ც.-ს კუთვნილ “SCANIA”- ფირმის სატვირთო ავტომანქანაზე დანიშნულია ავტოტექნიკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზები.” მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს და რუსთავის №12 ციხეში შეასახლეს. მისი ადვოკატების ინფორმაციით, მსჯავრდებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკვე 45 დღეა შიმშილობს. მის დაკავებას ქვეყანაში საპროტესტო აქციები მოჰყვა. ოპოზიცია სააკაშვილის გადაყვანბას სამოქალაქო კლინიკაში ითხივდა. 8 ნოემბერს მსჯავრდებული სააკაშვილი სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა №18 გლდანის ციხის საავადმყოფოშ გადაიყვანა. რასაც ოპოზიციის აღშფოთება მოჰყვა. ისინი ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.

ასევე შეგახსენებთ, სახელმწიფო ინპექტორის სამსახურმა  გაავრცელა ინფორმაცია, რომელის მიხედვით “სახალხო დამცველის აპარატიდან შემოსული შეტყობინების, ასევე, სოციალურ ქსელში და მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში, 2021 წლის 09 ნოემბერს დაიწყო გამოძიება, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მ. სააკაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.”

ასევე,  მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე  და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.

გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედი“-ს დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი - 9 024 367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე და ამ საქმეებზე მიმდინარეობს განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში.


ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე, მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენებით,  ცნობილია დამნაშავედ სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით), 25,117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზება) და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.


გამოძიებით დადგენილია, რომ 2005 წლის 14 ივლისს, იმჟამინდელი პრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოქვეყნებული შეურაცხმყოფელი სტატიის გამო, მიხეილ სააკაშვილის, ივანე მერაბიშვილის და ერეკლე კოდუას ორგანიზებით,  ,,სოდი“-ს სპეცრაზმის თანამშრომლები, შურისძიების მიზნით, თავს დაესხნენ პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილს  და ცეცხლსასროლი იარაღის კონდახების გამოყენებით სასტიკად სცემეს. ასევე გასტაცეს ცეცხლსასროლი იარაღი, თანხა და ძვირფასი ნივთი. თავდასხმის შედეგად ვალერი გელაშვილმა მიიღო ცხვირის და სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, რამაც სახის წარუშლელი დამახინჯება გამოიწვია და სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებად შეფასდა.


სანდრო გირგვლიანის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის  სასამართლოს განაჩენებით ცნობილია დამნაშავედ პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში გასამართლებულ პირთა წინასწარი შეთანხმებით შეწყალების ეპიზოდში და საქართველოს სსკ-ის 332 მუხლის მე-2 ნაწილით („ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით), საბოლოოდ განსაზღვრული აქვს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.


გამოძიებით დადგენილია, რომ 2006 წლის 27 იანვარს, ქ. თბილისში, კაფე ,,შარდენ ბარში“ თამარ მერაბიშვილს (სალაყაია), დავით ახალაიას, ოლეგ მელნიკოვს, გურამ დონაძეს და სხვებს, ამავე ბარში მყოფ სანდრო გირგვლიანთან და მის მეგობარ ლევან ბუხაიძესთან  მოუხდათ ურთიერთშელაპარაკება. წარმოქმნილი კონფლიქტის საფუძველზე, შურისძიების მიზნით, დავით ახალაიას დავალებით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა სანდრო გირგვლიანი და ლევან ბუხაიძე ძალის გამოყენებით გაიტაცეს ქალაქგარეთ, ოქროყანის სასაფლაოზე  და ასევე, დავით ახალაიას დავალებით, უმოწყალოდ სცემეს და აწამეს. კუდის თანამშრომლებმა დამცირების მიზნით, გაუსაძლის სიცივესა და ყინვაში გააშიშვლეს  ლევან ბუხაიძე,  ხოლო სანდრო გირგვლიანის გაშიშვლება შეძლეს წელზემოთ და მჩხვლეტავი ბასრი საგნის გამოყენებით, სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენეს მრავლობითი ჭრილობები, მათ შორის - 12 ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა კისრის არეში. გარდა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობებისა,  სანდრო გირგვლიანს მიაყენეს ნაკვეთი ჭრილობები მარცხენა ზედა კიდურის არეში. მას სხეულზე ასევე აღინიშნებოდა მრავლობითი სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები, რის შედეგად იგი გარდაიცვალა. აღნიშნულ საქმეზე, 2006 წელს გასამართლებულნი იქნენ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები გ.ალანია, ა.ღაჭავა,  მ.ბიბილურიძე და ა.აფციაური, რომლებიც სასჯელაღსრულების N10 დაწესებულებაში იმყოფებოდნენ კომფორტულ და პრივილეგირებულ მდგომარეობაში, სასჯელის მოხდის პერიოდში, საპატიმრო დაწესებულებას ტოვებდნენ ყოველგვარი დოკუმენტაციის და ნებართვის  გარეშე და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან წინასწარი შეთანხმებით, მის მიერ 2008 წელს შეწყალებულებიც იქნენ.

გარდა აღნიშნული საქმეებისა, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის განხილვა „ტელეიმედი“-ს დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების დაუფლების ფაქტებზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ძალადობითა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების, საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია) და სსკ-ის 333-ე მუხლის მეორე ნაწილით, (სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების, სახელმწიფოს და საზოგადოების კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგენილია, რომ 2006-2007 წლებში „ტელეიმედის“ ეთერში გავიდა არაერთი მწვავე სიუჟეტი, რაც რადიკალურად მიუღებელი აღმოჩნდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის, რომელმაც ბადრი პატარკაციშვილის მიმართ განახორციელა მუქარა, რათა ამ უკანასკნელს ნებაყოფლობით დაეთმო ტელევიზია, წინააღმდეგ შემთხვევაში მის მიმართ დაიწყებოდა სისხლისსამართლებრივი დევნა და მოხდებოდა, როგორც „ტელეიმედის“, ასევე სხვა ქონების იძულებით ჩამორთმევა. მიუხედავად  მუქარისა, ბადრი პატარკაციშვილმა არ დათმო ტელევიზია და მისი  შენარჩუნებისთვის უფრო მეტი გარანტიის შექმნის მიზნით 2007 წლის ნოემბერში, „ტელეიმედის“ მართვის უფლება აშშ-ში რეგისტრირებულ მედიამაგნატს „NEWS CORP EUROPE Inc“-ს გადასცა.
საზოგადოებაში დაგროვილი მასობრივი უკმაყოფილება ხელისუფლებისადმი, 2007 წლის ნოემბრის საპროტესტო აქციებში გადაიზარდა. 2007 წლის 4 ნოემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარდა თათბირი, რომელსაც სხვა თანამდებობის პირებთან ერთად ესწრებოდა საქართველოს გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი. თათბირზე, ივანე მერაბიშვილის მხრიდან გაიცა უკანონო დავალება, რომ  ძალოვანი უწყებების გამოყენებით, მომხდარიყო მომიტინგეების ცემა და მათ მიმართ კანონით აკრძალული საშუალებების გამოყენება, რა გზითაც მოხდებოდა ქვეყანაში საპროტესტო ტალღის ჩახშობა.


2007 წლის 7 ნოემბერს, პარლამენტის შენობის წინ მყოფ მოშიმშილე მომიტინგეებს,  გაფრთხილების გარეშე, დილის საათებში თავს დაესხნენ ხელკეტით შეიარაღებული პოლიციის თანამშრომლები და  ძალის გამოყენებით დაარბიეს. აღნიშნულმა ფაქტმა გამოიწვია საპროტესტო აქციის მონაწილეთა რაოდენობის გაზრდა, რომელთა დასაშლელადაც გამოიყენეს არაპროპორციული ძალა  და კანონით აკრძალული არალეტალური იარაღი.  სცემეს  სახალხო დამცველი, პოლიტიკური პარტიის წევრები, ჟურნალისტები, ხოლო მომიტინგეებს, რომლებიც თავს აფარებდნენ შენობებს, სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა.
მომიტინგეთა ხელახალი შეკრების აღსაკვეთად, საქართველოს კონსტიტუციის და მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, საქართველოს პრეზიდენტის და ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის, მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, გამოყვანილი იქნა თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა, რომელსაც ადგილზე ხელმძღვანელობდა თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი.


გარდა ზემოაღნიშნულისა, შს მინისტრის ივანე მერაბიშვილის დავალებით, ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილ მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეიჭრნენ შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შეიარაღებული სპეცრაზმელები, რომლებმაც უკანონოდ დაიკავეს აღნიშნული ტერიტორია და გამოაძევეს თანამშრომლები.


მიხეილ სააკაშვილმა გამოიყენა შექმნილი სიტუაცია, საქართველოს კონსტიტუციის და მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით გადაწყვიტა ძალოვანი უწყებების გამოყენებით „ტელეიმედის“ დარბევა და მაუწყებლობის ეთერიდან გათიშვა. 2007 წლის 7 ნოემბერს, შს მინისტრის ივანე მერაბიშვილის და გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის დავალებით, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, „ტელეიმედის“ შენობაში, უკანონოდ შეიჭრნენ  შინაგან საქმეთა სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმები და ოპერატიული თანამშრომლები. მათ მიზანმიმართულად დაამსხვრიეს საეთერო ჩართვის აპარატურა, გამორთეს ტელეკომპანიის სატელევიზიო სიგნალი, ამასთან ჟურნალისტებს და ტელეკომპანიაში მყოფ პირებს, ასევე, იქ დასაქმებულ პერსონალს  მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, მათ შორის „ტელეიმედის“ ეზოში  ჟურნალისტების წინააღმდეგ, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მოთხოვნათა იგნორირებით გამოიყენეს არალეტალური იარაღი. აღნიშნული მოვლენების შემდგომ, ერთი თვის განმავლობაში ტელეკომპანიის  ტერიტორია ბლოკირებული ჰქონდათ  ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს.


„ტელეიმედის“ მაუწყებლობის გათიშვის ხელოვნური საფუძვლის შესაქმნელად, საქართველოს გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის და ივანე მერაბიშვილის ორგანიზებით, განხორციელდა სსიპ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის“  წევრების საქმიანობაში უკანონოდ ჩარევა და ზეწოლის შედეგად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევით, კომისიის წევრებმა 2007 წლის 8 ნოემბერს მიიღეს არხის სამაუწყებლო ლიცენზიის მოქმედების დროებითი შეჩერების გადაწყვეტილება.


ამის შემდგომ, გიორგი უგულავამ, როგორც ქალაქ თბილისის მთავრობის ხელმძღვანელმა, გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და 2007 წლის 19 ნოემბერს, მისივე ხელმოწერილი დადგენილებით,  კანონიერი საფუძვლის გარეშე, გააუქმა ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილ შპს „ლინქსთან“ გაფორმებული მთაწმინდის პარკის იჯარის ხელშეკრულება იმ მიზეზით, თითქოს შპს „ლინქსმა“ უარი განაცხადა ხელშეკრულებით განსაზღვრული საიჯარო ქირის სრული ოდენობით გადახდაზე. რეალურად, ფირმა პირნათლად ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და 2006-2007 წლებში, მთაწმინდის პარკის რეაბილიტაციისთვის ბადრი პატარკაციშვილის დაფინანსებით განახორციელა 33 637 279 ლარის ღირებულების ინვესტიცია. გიორგი უგულავას ქმედებამ, იურიდიული პირის უფლების  და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
ამასთანავე,  საქართველოს თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილის  მითითებით, სამხედრო პოლიციის მაღალჩინოსნების,  პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის  უშუალო მონაწილეობით და ზემოქმედებით, კანონმდებლობის და კომპანიის წესდების მოთხოვნათა დარღვევით, 2008 წლის 19 თებერვალს, ქ.თბილისში ნოტარიუსთან,  ბადრი პატარკაციშვილის  ნდობით აღჭურვილ პირს ჩამოართვეს შპს „ტელეიმედი“ და შპს „რადი ოიმედი“, რითაც ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი საბოლოოდ ჩამოაშორეს ხსენებული კომპანიების საქმიანობას. უკანონოდ დაუფლებული ქონების რეალური მესაკუთრის შენიღბვის მიზნით, წილების გასხვისების შედეგად იმავე დღეს,  შპს „ტელეიმედის“  და შპს „რადიო იმედის“ მესაკუთრეები გახდნენ დავით კეზერაშვილის ნდობით აღჭურვილი პირები.


2008 წლის 20 თებერვალს, ტელეკომპანია იმედი 5 წლის ვადით, სამართავად გადაეცა ერთ-ერთ ფირმას, რითაც  ტელე და რადიო კომპანია იმედი, როგორც ქონება გადავიდა დავით კეზერაშვილის ფაქტობრივ საკუთრებაში, მოჩვენებით კი, კომპანიების წილების საკონტროლო პაკეტის მესაკუთრე გახდა ბადრი პატარკაციშვილის ნათესავი, ხოლო მმართველი დავით კეზერაშვილის ნდობით აღჭურვილი პირი, რითაც შეინიღბა რეალური მფლობელი - დავით კეზერაშვილი.


გარდა ამისა, 2008 წლის  თებერვალ-მარტში,  დავით კეზერაშვილი თაღლითურად დაეუფლა პატარკაციშვილების კუთვნილ  შპს „ენერგია და ინდუსტრია კომპლექსს’’ (ყოფილი რუსთავის მეტალურგიული ქარხანა).
კიდევ ერთი მიხეილ სააკაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე, რომლის განხილვაც მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში, შეეხება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის  გაფლანგვის ფაქტს.  აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით გაფლანგვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თერთმეტ წლამდე ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სდსს-ის უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას და ოთარ ქველიძის მონაწილეობით, მის მიერ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტების გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნით, საიდუმლო ფორმით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი სდსს-თვის გამოყო თანხები.


2009 წლის 1 მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის დავალებით და ორგანიზებით, მისი პირადი მიზნებისთვის, აღნიშნული თანხიდან არამიზნობრივად დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367.34 ლარი.
აღნიშნული ხარჯების ჩამოწერა სდსს-ის უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას ხელმძღვანელობით განხორციელდა საიდუმლო დოკუმენტებით, რომლებსაც გრიფი „საიდუმლო’’ უკანონოდ მიენიჭა.
აქვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეებში მტკიცებულებითი სტანდარტის შესაფასებლად საქართველოს პროკურატურის მიერ მოწვეულ იყვნენ უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე საერთაშორისო ექსპერტები - ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის განყოფილების ყოფილი უფროსი პოლ კოფი, ისრაელის ყოფილი სახელმწიფო პროკურორი მოშე ლადორი და იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის მთავარი პროკურორის მოადგილე სერ ჯეფრი ნაისი. საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით,  სისხლის სამართლის საქმეებში არსებული მტკიცებულებები ქმნიდა საკმარის სტანდარტს მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად.

იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდადებული მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით, მიხეილ სააკაშვილი მოთავსდა შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში." - ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ განცხადებაში.

პ.ს. ჯანმრთელობის გაუარესების გამო მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გადაყვანილი იქნა კლინიკა "ვივა მედში", სადაც ამ დრომდე იმყოფება.