„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ციფრებში ჩვენს ქვეყანას ნამდვილად აქვს კარგი ეკონომიკური ზრდა, რაც მისასალმებელია, მაგრამ მაქვს კითხვა: ეს ფული სად მიდის?“ - ასე მიმართა ოპოზიციის წარმომადგენელმა მიხეილ დაუშვილმა საპარლამენტო უმრავლესობას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მისი თმით, შეუსაბამოა ეკონომიკური ზრდის ამ მაჩვენებლების პარალელურად ის ფაქტი, რომ უამრავი ბავშვი შიმშილის ზღვარზე ყოფნის გამო სახელმწიფო შემწეობაზეა.
„თუ არა კორუფცია, თუ არა ნეპოტიზმი, ამხელა ეკონომიკური ზრდა და ამხელა ეკონომიკური დოვლათი სად ქრება, თუ არა რამდენიმე ათეული ოჯახის ჯიბეში? რატომ არ ნაწილდება ჩვენს მოქალაქეებზე? რატომ გვაქვს ის რეალობა, რომ უამრავიო ბავშვი სახელმწიფო სოციალურ შემწეობაზეა დამოკიდებული და არსებობის პრობლემა გააჩნია? ასეულ ათასობით ჩვენი მოქალაქე თუ სახელმწიფო შემწეობა არ მიიღეს, შეიძლება, შიმშილის პრობლემა დაუდგეს ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით“,- აღნიშნა მიხეილ დაუშვილმა.
მისი თქმით, რაც არ უნდა იდეალური რეალობა დახატოს სახელისუფლებო გუნდმა, ადამიანები თვითონ ხედავენ და გრძნობენ ობიექტურ რეალობას.
„გასაგებია, რომ სხვა რეალობის, იდეალური რეალობის დახატვა გინდათ, მაგრამ ჩვენი მოქალაქეები ხომ ამას ყოველდღიურად თვითონ უყურებენ და საკუთარ თავზე გრძნობენ, ხომ ადარებენ, როცა შედიან მაღაზიებსა და ბაზრობებზე, ფასები რა იყო ადრე და რა არის დღეს. რაც არ უნდა ალტერნატიული რეალობა სცადოთ, ისინი ამას თვითონ გრძნობენ?“- განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.