ახალგაზრდა თაობა ახდენს დემონსტრირებას, რომ დადგა გადამწყვეტი მომენტი ქუჩაში გასვლისთვის და თუ ისინი დაკარგავენ ნდობას საკუთარი ქვეყნის მიმართ, ისინი დატოვებენ ამ ქვეყანას, - ამის შესახებ თბილისში ვიზიტით მყოფმა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მივესალმებით, რომ ისინი არიან ნიჭიერი განათლებული, ერთგული ევროპული ღირებულებების ახალგაზრდობა, მაგრამ როგორ უნდა შექმნა ნათელი მომავალი საქართველოსთვის ახალგაზრდა თაობის გარეშე, მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიით, ერთ-ერთი ყველაზე უფრო მჭიდრო მოკავშირისა მმართველი პარტიისა? ეცადეთ აბა ამის გაკეთება - ტვინების გადინება იქნება სრული კატასტროფა თქვენი ქვეყნისთვის. ეს არის ჩემი გზავნილი“, - აღნიშნა როთიმ.
მისივე თქმით, საქართველოში იმყოფებიან, როგორც საქართველოს მეგობრები და მოკავშირეები.
„ჩვენ გვაქვს ორი მისია. პირველი მისიაა, გამოვხატოთ სოლიდარობა ხალხის მიმართ, რომლებიც ქუჩებში ევროპული ღირებულებებისთვის მართავენ მშვიდობიან დემონსტრაციებს, მეორე მისიაა ერთმანეთის მოსმენა“, - განაცხადა მიხაელ როთიმ.
„სიამაყით ვამბობ, რომ ჩვენ ყველა ვართ საქართველოს მეგობრები. ერთიანნი ვართ თავისუფლებისადმი, დემოკრატიისადმი, კანონის უზენაესობისადმი მხარდაჭერაში, თუმცა ჩვენ ვართ ძალიან განსხვავებული, წარმოვადგენთ სხვადასხვა პარტიას, ევროკავშირის სხვადასხვა რეგიონს, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფს, თაობას. ჩვენ წარმოვადგენთ განსხვავებულ გამოცდილებასა და რწმენას, ჩვენ არ ვართ რადიკალები და ჩვენ არ გამოვიყურებით, როგორც რადიკალები. ჩვენ ვართ ევროპული „მეინსთრიმი“. ამას ხაზი გავუსვი, რადგან ვკითხულობ ახალ ამბებში, მედიაში, რომ ჩვენ ვართ უცხოელი აგენტები, რომ ჩვენ წარმოვადგენთ სხვა ქვეყნებს. არა, ჩვენ აქ ვართ, როგორც საქართველოს მეგობრები და მოკავშირეები.
ჩვენ გვაქვს ორი მისია. პირველი მისიაა, გამოვხატოთ სოლიდარობა ხალხის მიმართ, რომლებიც ქუჩებში ევროპული ღირებულებებისთვის მართავენ მშვიდობიან დემონსტრაციებს. ევროკავშირი უმთავრესად და უპირველესად არის ღირებულებების კავშირი და არა უბრალოდ ერთიანი ბაზარი. თავისუფლება, დემოკრატია და კანონის უზენაესობა ყველა ჩვენგანისთვის ვალდებულებაა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვართ მადლიერი ყველა იმ ერთგული ევროპელის მიმართ, ვინც ხმას იღებს, ვინც ჩანს ქუჩაში, რათა მკაფიოდ განაცხადოს, რომ საქართველო ჩვენ გვეკუთვნის;
მეორე მისიაა ერთმანეთის მოსმენა. გვსურდა საუბარი მთავრობასთან, მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან. ჩვენ შევძელით საუბარი ოპოზიციასთან, მრავალფეროვანი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, თუმცა ცოტა გაკვირვებული დავრჩით, რომ პარლამენტარების ასეთ დელეგაციას არ ჰქონდა შესაძლებლობა, შეხვედროდა მთავრობას, რადგან თქვენი მთავრობა ზედმეტად დაკავებულია.
ახლახან გვქონდა პატივი, შევხვედროდით ჩვენს კოლეგას, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, თუმცა ვერ შევძელით, შევხედროდით პარლამენტში, შეხვედრა გაიმართა „ქართული ოცნების“ ოფისში. ეს ჩვენთვის ცოტა გამაღიზიანებელი იყო“, - განაცხადა მიხაელ როთიმ.
მისივე თქმით, იმედგაცრუებული არიან, რომ პარლამენტმა დღეს გამჭვირვალობის კანონი მიიღო.
„ჩვენ, როგორც საქართველოს მეგობრები, იმედგაცრუებული ვართ, რადგან ჩვენ ვიბრძვით საქართველოსთვის ევროკავშირისკენ მის გრძელ და უსწორმასწორო გზაზე. ჩვენ ვიყავით უკიდურესად მოწოდებული, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი მიგვენიჭებინა გასულ წელს და ეს არ იყო მარტივი, რადგან ეს არ იყო საჩუქარი მთავრობისთვის, ეს იყო მეტ-ნაკლებად წახალისება სამოქალაქო საზოგადოებისთვის. იამაყეთ თქვენი სამოქალაქო საზოგადოებით, ის არ არის მტერი. ევროპისა და ევროპული ღირებულებებისადმი იმაზე ერთგული სამოქალაქო საზოგადოება არ მინახავს, როგორიც ქართულია. იამაყეთ ამით. ეს ხალხი არ არის მტერი, ისინი პარტნიორები არიან. ველოდები თქვენი მთავრობისგან და მმართველი პარტიისგან, რომ ააგებს ხიდებს საზოგადოებასთან, რათა გადალახოს პოლარიზაცია თქვენს საზოგადოებაში, დააცხროთ ემოციები და სწორედ ამიტომ ჩვენ ვართ აქ. ჩვენ ყველას გვაქვს მთავრობაში მუშაობის გამოცდილება, მთავრობაში ვმსახურობდი რვა წლის განმავლობაში“, - აღნიშნა მიხაელ როთიმ.
საქართველოში ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის, ჩეხეთის, პოლონეთის, გერმანიის, ლიეტუვის, ფინეთის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები ვიზიტით იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში თბილისში შეხვედრები გამართეს პაველ ფიშერმა, ბოგდან კლიხიმ, მიხაელ როთიმ, ჟიგიმანტას პავილიონისმა და სებასტიან ტინკინენმა.