პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად შეერთებულ შტატებში ვიზიტით იმყოფება, სუვერენული ერების ალიანსის კონფერენციაში მონაწილეობა და ვიზიტი შეაჯამა. მან იმ თემებზე ისაუბრა, რომლებიც კონფერენციის ფარგლებში იყო განხილული.
„კონგრესმენ ანა პაულინა ლუნას მოწვევით გაიმართა სუვერენული ერების ალიანსის პირველი სამიტი, სადაც საქართველო მიწვეული იყო და პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. საქართველოს შესაძლებლობა ჰქონდა, რომ ალიანსის ფარგლებში გეჟღერებინა ქართველი ერის ხმა. ეს ალიანსი პირველ რიგში, დაფუძნებულია საერთო - ეროვნულ, ტრადიციულ, ქრისტიანულ ღირებულებებზე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ალიანსის ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის ის, რომ ერებმა საკუთარი ხალხის ნების მიხედვით უნდა გადაწყვიტონ საკუთარი ბედი, სუვერენიტეტი არის ამ გაერთიანების ამოსავალი წერტილი.
ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როდესაც 50-ზე მეტ ქვეყანასთან ერთად საქართველო აჟღერებდა ჩვენი ხალხის ინტერესს, უმრავლესობის ინტერესს, რომ დავიცვათ ჩვენი ღირებულებები - ეროვნული ინტერესების და ისტორიული ღირებულებების დაცვა არის დღევანდელი, 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და ეს სწორედ ხელისუფლებას, საკანონმდებლო ორგანოს ევალება.
მნიშვნელოვანი იყო, რომ ვისაუბრეთ ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე საქართველოს როლზე შუა დერეფანში.
რაც მთავარია, ჩვენ ამ ვიზიტით არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ მსოფლიოში მოვიპოვეთ მეგობრები, ის კონსერვატები, რომელთა გაერთიანებაც დაფუძნებულია იმაზე, რომ სუვერენული გაერთიანებით მოხდეს უკეთესი მსოფლიოს წყობა. ამ შეხვედრით ვეცადეთ, დაგვემყარებინა ორმხრივი ურთიერთობები და ვფიქრობთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა თვისობრივად განახლდება და ექნება კონკრეტული შედეგები“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.








