ვიოლა ფონ კრამონს ვინ ეკითხება, გზას როდის გააკეთებენ თბილისში. რა მისი საქმეა, გზის რეაბილიტაცია როდის და სად მოხდება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს.

თავის მხრივ, ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა, რომ  რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოები, ანუ საარჩევნო წელს ცენტრალური გამზირის გადაკეტვა პრობლემის მოგვარების ტიპური საბჭოთა სტილია.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, ეს ყველაფერი არასერიოზულია.

„ერთი წლით ხომ გადაუვადდათ გეგმები და ახლა ფიქრობენ, რომ არჩევნებთან დაკავშირებით გაისად მაინც მოახდინონ რაღაც ამბოხებისმაგვარი. საიდან დაასკვნეს, რომ მაინცდამაინც იმ დროს იქნება გზა გადათხრილი, რომ ადამიანი ვერ გაივლის. რა დონის სიგიჟემდე მივდივართ. ახლა ფიქრობენ, გაისად არჩევნებთან დაკავშირებით იქნებ რაღაც ამბოხი მოვახდინოთ საქართველოში და მაინც და მაინც იმ დროს არ იყოს გადათხრილი პარლამენტის წინა ტერიტორიაო. აქამდე მივდივართ და ჩვენ ამაზე უნდა ვილაპარაკოთ, რომ ნამდვილად არ იქნება ამ დროს ასეთი ვითარებაო. ეს ამბავი არასერიოზულია და იმ მცირე ჯგუფის ფსიქოლოგიაზე მოქმედებს, რომელსაც შეიძლება, მართლა ეგონოს, რომ გადაითხრება რუსთაველი და ვეღარ მივა ადამიანი პარლამენტის წინ არჩევნების გასაპროტესტებლად, რომელიც აუცილებლად უკანონოდ ჩატარდება. ამ ლოგიკას ავითარებენ და ამისი დარწმუნებით არიან დაკავებული. ალბათ ხედავთ, რამდენად მდაბიო რწმუნების ხარისხია ამ ყველაფერში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.