„ქართული ოცნებისთვის“ და საქართველოსთვის დამაიმედებელი მონაცემები მოდის რეგიონებიდანაც და ქალაქებიდანაც, მათ შორის, განსაკუთრებით თბილისიდან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, 30-კაციანი ჯგუფი დადის გარკვეულ საარჩევნო უბნებზე და იქ პროვოკაციების მოწყობას ცდილობს.
„მინდა, რამდენიმე დეტალთან დაკავშირებით გავამახვილო ყურადღება. დღეს „მთავარი“ და „ფორმულაც“ კი არ იქცევა ისე, როგორც „ტვ პირველი“. ეტყობა, რაღაც განსაკუთრებული დავალება აქვთ, მათ თავისი როლი აქვთ. რისთვის ხდება ეს ყველაფერი და რა ხდება?
მაგალითად, ბოლო საათ-ნახევრის განმავლობაში ისანში გადაადგილდება, სულ მცირე, 30-კაციანი ჯგუფი, რომლებიც მიდიან, ფიზიკურად უსწორდებიან იქ მყოფ ადამიანებს, განურჩევლად იმისა, ვინ ხვდებათ ადგილზე, აგინებენ, პროვოკაციებს უწყობენ, რათა შეიქმნას არეულობის კერები. განსაკუთრებით ეს ხდება იმ ლოკაციებზე, სადაც არის „ტვ პირველი“. ეს არის დამთხვევა? მაქსიმუმ რამდენი ჯგუფი ეყოლება „ტვ პირველს“, ჟურნალისტები ყველაზე კარგად მიხვდებით. მაინცდამაინც იმ ლოკაციებზე, სადაც არის „ტვ პირველი“, გადაადგილდება 30-ზე მეტ ადამიანიანი ჯგუფი, რომლებიც ფიზიკურად უსწორდებიან ამომრჩევლებს, აქტივისტებს და ასე შემდეგ?
უდავოა, რომ ეს არის დადგმული სპეცოპერაცია ზონდერების და ტელეზონდერების ჩართულობით. „ტვ პირველის“ წამყვანების ფრაზაა: „„ქართულ ოცნებას“ უკვე სჯერა, რომ არჩევნებს აგებენ და, პირდაპირი მნიშვნელობით, გადასული არიან ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე. ძნელი წარმოსადგენია, რომ ასეთ პირობებში ჩატარებული არჩევნები ჩაითვალოს ლეგიტიმურად“. აი, ეს არის ყველაფერი. ამით ყველაფერია ნათქვამი.
„ტვ პირველი“ ამბობს, ძნელი წარმოსადგენიაო, ანუ, „ნაცმოძრაობა“ ამბობს, რომ ძნელი წარმოსადგენია, ასეთ პირობებში ჩატარებული არჩევნები ჩაითვალოს ლეგიტიმურად, და რატომ? მათი ზონდერები დარბიან, ხალხს სცემენ, შეურაცხყოფას აყენებენ, შემდეგ ხანდახან პასუხსაც იღებენ. „ტვ პირველი“ სადაც იქნება, იქ რომ მივარდება ვიღაც ზონდერი და ვიღაცას ხელს დაარტყამს, დედას შეაგინებს, თურმე ლეგიტიმაციას აქვს პრობლემა, თურმე ეს არის დელეგიტიმაციის საფუძველი. მეტი ვერაფერი მოახერხეს დღეს.
მინდა, გაგაცნოთ ახალი ინფორმაცია, რომელიც მოპოვებული იქნა პარტიულად. შეგიძლიათ, გამორიცხოთ სუს-ი, უსაფრთხოების სამსახურები. „ნაცმოძრაობის“ ჯგუფებში ჩაყრილია ფოტოები და ის ადგილები, სადაც პროვოკაცია ან მოეწყო, ან უნდა მოეწყოს. სიტყვასიტყვით „ნაცმოძრაობის“ შიდა ჩათი:
„მეგობრებო, უსაქმურები და ბირჟავიკები, ცეცხლის ზარი დავცეთ ჩვენს დანახვაზე, არ დაუთმოთ არაფერი, რასაც კანონსაწინააღმდეგოს ნახავთ. 100 მეტრი დისტანცია არის დადგენილი კანონით და შეგიძლიათ, ეს მოიშველიოთ. თქვენი აკრედიტაციები ბევრის უფლებას გაძლევთ. აკონტროლეთ ყველაფერი“. ანუ ძალადობის პირდაპირი მითითება, თან მათ ცემა-ტყეპას უნდა ჰქონდეს ლეგიტიმური საფუძველი, 100 მეტრის შიგნით დგახარ და უნდა გცემოო, უნდა უთხრან ალბათ. თითქმის ყველას აქვს რაღაც ბეიჯი, ზონდერებს, ანუ სხვადასხვა ორგანიზაციების სახელით გადაადგილდებიან.
ვაფრთხილებ ყველას, განსაკუთრებით „ნაცმოძრაობას“, თქვენი შიდა ჩათიდან რაღაცებს ყოველწუთიერად იწერებიან, ამიტომ ახლა დავალებების გაშიფვრას თავი დაანებეთ, უკვე გაიშიფრეთ. პანიკასაც თავი დაანებეთ, ლეგიტიმაციის ეჭვის ქვეშ დაყენების საფუძველი არავის აქვს. ასეთი მდაბიო „ფეიკებით“ და 30-კაციანი ზონდერჯგუფებით ვერავინ შეცვლის ამ ქვეყნის პოზიტიურ ისტორიას. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, თავი დაანებონ პროვოკაციებს, ნუ სარგებლობენ იმით, რომ დავალება გვაქვს გაცემული ჩვენს პარტიულ აქტივისტებზე, მაქსიმალურად შეიკავონ თავი. ვიღაცები რაღაცებს რომ უთმენენ, ეს არ ნიშნავს, რომ მათი დაჩაგვრა შეიძლება – არავინ თავს არ დაგაჩაგვრინებთ, მაგრამ, ამავე დროს, ნუ სარგებლობთ მათი მოთმინებით, ასევე, ამომრჩევლის მოთმინებით.
როგორც ჩანს, ჩვენი ამომრჩეველი ამ ჩვენს კეთილ, გულწრფელ მოწოდებას დაექვემდებარა და ვიდრე დედის გინებასა და ცემა-ტყეპაზე არ გადადიან, პასუხს არ აძლევენ ამ უბინძურეს პროვოკაციას. ეს 30-კაციანი ჯგუფი რამდენს ივლის, მეტის რესურსი არ აქვთ. არ გვიფიქსირდება ისეთი მომენტები, რომ მთელ ქალაქში დადიოდეს სხვადასხვა ჯგუფი. ერთი ჯგუფი დადის, ჯერ მივიდნენ ვაზისუბანში, 163-ე სკოლასთან, შემდეგ წავიდნენ ისანში, წმ. ბარბარეს ეკლესიასთან, ახლა, წინასწარ გეუბნებით, ჩადიან დირსის დასახლებაში. ახლა გზიდან მიტრიალდებიან, თუ ვინმე დაურეკავს, მდინარაძემ ბრიფინგი გააკეთაო. ასე მოძრაობენ, დაბოდიალობენ წინ და უკან. ყველა ამომრჩეველზე პასუხს ვერ ვაგებთ, სხვათა შორის, ესეც შემიძლია გითხრათ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.