თემურ ჭყონიას მივცემდი რჩევას, პოლიტიკაში ზედმეტად ნუ ჩაერევა, საკუთარ სანქციებს მიხედოს, რომლებიც შეიძლება, თავისივე სათავო ოფისიდან დაუწესონ პოლიტიკაში ზედმეტად ჩარევისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

კითხვა ეხება ბიზნესმენ თემურ ჭყონიას შესახებ, რომ: „ჭყონია სანქციებით იმუქრება და აცხადებს, რომ უნდა გაძლიერდეს საერთაშორისო წნეხი, რომელიც უნდა შეეხოს ყველა იმ ადამიანს, ვინც მიმდინარე პოლიტიკური ვითარებას ამაგრებს“.

მამუკა მდინარაძის თქმით, თემურ ჭყონია პოლიტიკაში ზედმეტად არ უნდა ჩაერიოს.

„თემურ ჭყონიას ერთ მეგობრულ რჩევას მივცემდი, ზედმეტად თავს ნუ დაიიმედებს და პოლიტიკაში ზედმეტად ნუ ჩაერევა, საკუთარ სანქციებს მიხედოს, რომლებიც შეიძლება თავისივე სათავო ოფისიდან დაუწესონ პოლიტიკაში ზედმეტად ჩარევისთვის. არ ვიცი მისი ლიცენზიის პირობები, მაგრამ ლიცენზიის პირობებს ჩახედოს კარგად, მე ბევრი გამიგია მსგავსი კომპანია, რომელიც თავის ფილიალებს ასანქცირებს, რადგან ისინი პოლიტიკაში ერევიან. აქედან გამომდინარე, თავს მიხედოს ყველამ, ვინც დაიმედებულია ქართველი ხალხის არჩევანის დასანქცირებით და ცოტა დაფიქრდნენ, როგორ ვითარდება გეოპოლიტიკური მიმართულებით მოვლენები.

მსოფლიოში რა ხდება და ესენი აქ დარბიან, ბებიას „ბაბუშკა“ ვერ ერქმევა, მაიმუნს „ობიზიანა“, ძაღლს „საბაკა“ და სისულელეებს ლაპარაკობენ. ჭადრაკის დაფის მაიდნის მოდელებს გადმოიტანენ ხოლმე, მსოფლიოში კი ცოტა სხვაგვარად ვითარდება მოვლენები და ცოტა სხვა მასშტაბურ, გლობალურ გადალაგებებთან და ტურბულენტობებთან გვაქვს საქმე. ამ გლობალურ მოვლენებში, რომლებიც ადრე წლები თუ ვითარდებოდა, ახლა დღეებში იცვლება ხოლმე, ქართველებმა ერთი მთავარი, რაც უნდა გავითავისოთ არის, რომ ამ დიდი საკითხების გადაჭრის დროს საქართველომ თავისი თავი გადაირჩინოს. შენ ეთნიკური ქართველი, აქ რომ მებრძვი სხვისი სახელით, იქნება დაფიქრდე, ცოტა ხანი მაინც გაიწიო გვერდზე, რომ ფიზიკურად გადავრჩეთ. როცა იცი, რომ ფიზიკური გადარჩენის საფრთხე აქვს ქვეყანას და მაინც ვიღაცის ინტერესებს ატარებ, მერე ცდილობ, რომ სხვას მოღალატე დაარქვა, ეს ღალატი კი აღარ არის, ეს არის უკანასკნელი ფსკერი, რომლის იქით მავნებლობა საკუთარი სამშობლოს წინაშე აღარ არსებობს. ეს უნდა გავითავისოთ ყველამ, იქნება ახალგაზრდა, ხანშიშესული თუ შუახნის ადამიანი. ახლა არის დრო, როცა ამ გლობალური, დიდი ძვრების პროცესში, ამ პატარა, მაგრამ საბედნიეროდ ამაყმა ქვეყანამ, ბრძენი ხალხით საკუთარი თავი უნდა გადაირჩინოს და გავიდეს სამშვიდობოს, ფიზიკურად ცოცხალი და ელემენტარული ეკონომიკით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.