ჩვენ ყველამ კარგად ვიცით რომ ამ გლობალური კამპანიის მთავარი მიზანი გახლავთ საქართველოს ომში ჩართვა. როდესაც მაღალი ტრიბუნიდან ასეთი არასწორი ინფორმაციები გვესმის ეს ამყარებს მხოლოდ იმ ერთადერთს და უალტერნატივო ვერსიას, რომ მიდის უდიდესი კამპანია საქართველოს ომში ჩასართავად, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „ღამის კურიერი“ განაცხადა.
„ყველაზე კარგი ამ შემთხვევაში ის არის, რომ მე როგორც ერთ მოქალაქეს, პოლიტიკოსს, რომელსაც რაღაც გადაწყვეტილებებზე ხელი მიმიწვდება, მეამაყება რომ სულ რომ არაფერი გაგვეკეთებინა და არაფერი გავაკეთოთ მომავალში, ის რომ ყველაზე რთულ დროს ჩვენი ქვეყანა ფიზიკური განადგურებისგან გადავარჩინეთ, ჩვენი მომავალი თაობების წინაშე იქნება ძალიან დიდი საქმე“- თქვა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილებებს ასე თამამად და დამოუკიდებლად ვერ მიიღებდნენ, რომ არა ქართული საზოგადოება, რომელიც ამ გადაწყვეტილებაში თანაზიარია.
„ამით ვიამაყებ სარკესთანაც რომ დავდგები, ჩემი შვილის წინაშეც და ჩვენი საზოგადოების წინაშეც, რომ მე ვიყავი იმ გადაწყვეტილებების თანამონაწილე და ჩვენ ვართ იმ გადაწყვეტილებების ავტორი, რომელიც უალტერნატივო ამბავია, სხვანაირად ვერ შეაფასებ, რაც წერია ფურცელზე ფაქტია. ყველაზე კარგი კიდევ ის არის, რომ ჩვენ ამ გადაწყვეტილებებს ასე თამამად, ასე მძლავრად, ასე ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე დამოუკიდებლად ამ ქვეყანაში ვერ მივიღებდით, რომ არა ქართული საზოგადოება, რომელიც ამ გადაწყვეტილებაში თანაზიარია.“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.