ერთ შემთხვევაშიც [მარკო რუბიოს განცხადება] და მეორე შემთხვევაშიც [დონალდ ტრამპის განცხადება], მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის რეაქციები არის გადაჭარბებული, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, გადაცემაში „ღამის კურიერი“.

მისი თქმით, არც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებები უნდა იყოს შეშფოთების საგანი ქართული საზოგადოებისთვის და არც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ჩვეულებრივი მილოცვა და ობიექტური დამოკიდებულება უნდა იყოს გადაჭარბებულად შეფასებული.

„რუბიოს ამ წერილის ინტერპრეტაციაზე იყო შეშფოთება - რატომ თქვა ამ კაცმა ასე. და ტრამპის ერთ ჩვეულებრივ მილოცვაზე, ობიექტურ დამოკიდებულებაზე იყო რამე. პირდაპირ ვამბობ, არც აღსაფრთოვანებელია არაფერი იმაში, რომ ადამიანი ობიექტურად ამბობს სიმართლეს, მოცემულობით ვართ აღფრთოვანებული და ვაიმე, რა მაგარია - ესეც გადაზედმეტებულია. შეიძლება გული დავწყვიტო ბევრ ჩვენს მხარდამჭერსაც მაგრამ, ესეც შეიძლება გადაჭარბებული იყოს, რა მოხდა ისეთი, დიდი სახელმწიფოს, მეგობარი ქვეყნის ლიდერმა მოგვილოცა და თქვა ობიექტური რაღაცები. მანამდე, რუბიოს სიტყვების ინტერპრეტაცია, რომ ქართველ ხალხს [მიულოცა], აქაც რა არის შესაშინებელი? წინა დღეებშიც, [მარკო რუბიომ] ჟურნალისტს რაღაც პასუხი გასცა ზოგად კონტექსტში და ერთი მხრივ პანიკა, მეორე მხრივ რაღაც სიხარული - გადაჭარბებული რეაქციებია“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი ცდილობს, საზოგადოებას დაანახვოს ობიექტური რეალობა, სადაც აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას ამდენი ხნის მანძილზე საქართველოსთან მიმართებით დამოკიდებულება ღიად არ გამოუხატავს. მდინარაძის განცხადებით, ჩვენმა ქვეყანამ მსოფლიო გეოპოლიტიკაში საკუთარი სიტყვა უკვე თქვა და საქართველო ხელწამოსაკრავი ქვეყანა არ არის.