ჩვენი გუნდის ყველა წევრი უერთდება და ადასტურებს საერთო გადაწყვეტილების სისწორეს, საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის სახელით შემიძლია, ვთქვა, რომ ყველა ძალიან მყარია თავის გადაწყვეტილებებში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი პარტიის წევრები საერთო გადაწყვეტილებებს ეთანხმებიან.

„ჩვენი გუნდი არის ძალიან მყარი თავის გადაწყვეტილებებში, ყველამ ზუსტად იცის და ჩვენმა მოქალაქეებმაც შეუძლიათ, ზუსტად იცოდნენ, რომ ამ გუნდის სიმყარე, სიმართლე საკუთარი სამშობლოს წინაშე განაპირობებს იმას, რომ ჩვენ საბოლოო ჯამში, ისევე როგორც, 16-20 დეკემბრის მოვლენები დავაზღვიეთ, დავაზღვევთ ყველა რისკს, რაც კი შეიძლება, მოდიოდეს იმ ადამიანებისგან, პირთა ჯგუფისგან თუ სხვა ე.წ. პოლიტიკური პარტიებისგან. დღეს გახმოვანდა რამდენიმე დღის წინანდელი ამბავი, რომ მათ შორის „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი დანაყოფის ლიდერმა, გიორგი გახარიამაც საკუთარი პირით აღიარა, რომ ახალ წლამდე თუ არა, აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციამდე მაინც უნდა მოასწრონ. მგონი, ერთი ფრაზა გამორჩა ყველას, პირველი ფაზის გადალახვა, მეორე ფაზაში არ იგულისხმება, ალბათ ამას ყველა ხვდება. ამას გვქონდა ბევრი მსჯელობა და გუნდის ყველა წევრი უერთდება და ადასტურებს საერთო გადაწყვეტილების სისწორეს. საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის სახელით შემიძლია, ვთქვა, რომ ყველა ძალიან მყარია თავის გადაწყვეტილებებში“, – განაცხადა მდინარაძემ.