„იმედის კვირა“ მამუკა მდინარაძეს პრეზიდენტის იმპიჩმენტზე ესაუბრა. მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ სალომე ზურაბიშვილის საზღვარგარეთ ვიზიტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობას და პრეზიდენტს სხვადასხვა კომპეტენცია აქვთ.
„მან თავისი კომპეტენციის ფარგლებში უნდა აკეთოს ყველაფერი. მაგალითად, ხელი შეუწყოს დეპოლარიზაციას. ის კი ხელს უწყობს პოლარიზაციას. მაგალითად, გააკეთოს განცხადებები, რომლებიც იქნება სიმართლე, რომ ამ სიმართლემ გაამყაროს ქვეყნის პოზიცია, რომ ის იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ის აკეთებს პირიქით“, - აცხადებს მდინარაძე.
მისივე თქმით, პრეზიდენტის ქმედებებს ერთადერთი ახსნა აქვს - ის ვიღაცის მითითებებს ასრულებს.
„სამწუხაროა, თუ ჩვენ ერთ მშვენიერ დღეს გავიგებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტიც კი გარკვეულ მითითებებს ექვემდებარებოდა. სხვა ახსნა ამას არ აქვს. თუ ახლა ვინმე მომისმენს, ამას რომ ვლაპარაკობ და სხვა ახსნას მოუძებნის, კი ბატონო, მაგრამ ძალიან სამწუხაროდ, ყველაზე რეალური ახსნა ეს არის, რომ მას ვიღაც ეუბნება, რომ ასე უნდა მოიქცეს“, - აცხადებს მდინარაძე.