სალომე ზურაბიშვილის განცხადება ჰგავს გაბოროტებული ადამიანის განცხადებას იმ ადამიანის მიმართ, ვინც ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ითამაშა მის გაპრეზიდენტებაში, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადების კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი ჩაერთო „ნაცების“ ყველაზე მდაბიო, გაბოროტებულ მესიჯბოქსში.
„ეს არის გზავნილი ქალბატონი სალომეს მხრიდან, რომ ის ბოლომდე ჩაერთო „ნაცების“ მესიჯბოქსში. სალომე ზურაბიშვილის განცხადება ჰგავს გაბოროტებული ადამიანის განცხადებას, განსაკუთრებით იმ ადამიანის მიმართ, ვინც განსაკუთრებული როლი ითამაშა მის გაპრეზიდენტებაში. მგონია, რომ ამ დროს ადამიანს ცოტა უხერხულობა მაინც უნდა აკავებდეს. სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებაში ბიძინა ივანიშვილმა ითამაშა ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი. ამის მიუხედავად, „ნაცებს“ რაც აქვთ ყველაზე მდაბიო მესიჯბოქსი პოლიტიკიდან გასულ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, ამ გაბოროტებულ მესიჯბოქსში ჩაერთო სალომე ზურაბიშვილი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
იგი ასევე გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს იმ ნაწილს, სადაც პრეზიდენტმა პასუხა გასცა კითხვას: არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი რუსული გავლენის ქვეშ“.
„რუსულთან დაკავშირებით ბევრს ვერ ვისაუბრებ, ერთი მთავარი ფაქტორიდან გამომდინარე, ეს რა დონის მავნებლობაა და „ნაცები“ და მათი პატრონები რა დონის მავნებლობას ეწევიან ამით, ეს ყველასთვის გასაგებია. ამერიკული FARA გაარუსულეს. დღეს ამ ქვეყანაში ვიღაცის პრორუსობის კი არა, ამერიკული კანონის რუსულობის სჯერა და რთულია, გადაარწმუნო ასეთი ადამიანი, მაგრამ როდესაც ჩვენ ვალპარაკობთ, ვალდებული ვართ, ამის წინააღმდეგ ვილაპარაკოთ სიმართლე. „ნაცმოძრაობის“ და სალომე ზურაბიშვილის მომხრეები ერთ ჯგუფში გაერთიანდებიან ნელ-ნელა, რადგან საერთო ინტერესებით გამოდიან, ეს უკვე დაამთხივეს ბოლომდე. ახლა უკვე დაფიქსირდა, რომ აქამდე თუკი სალომე ზურაბიშვილს ერთი ნაბიჯი აკლდა, რომ ბოლომდე დაემთხვია მესიჯბოქსი „ნაცების“ მესიჯბოქსისთვის, ეს ბოლო ნაბიჯიც გადადგა და საბოლოოდ, სრულად ჩაჯდა „ნაცების“ მესიჯბოქსში. ამის ერთ-ერთი ნაწილი იყო ამერიკული კანონის, სიტყვა-სიტყვით ნათარგმნის გარუსულება. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც გულწრფელად სჯერათ, რომ ამერიკული თუ გადაითარგმნება ქართულად და ქართულ კანონმდებლობაში გადმოვა, ის არის რუსული ავტომატურად. ასეთი რწმენა არსებობს. ცოტა რთული იქნება ამ ადამიანების გადარწმუნება და მათზე იმუშავებს სალომე ზურაბიშვილიც. ერთი ელექტორატი ჰყავთ ჯამში მათ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფრანგული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: „ცხადია, ბიძინა ივანიშვილს დომინანტური გავლენა აქვს არსებულ მმართველებზე, დღეს ქართულ პოლიტიკაში, ივანიშვილის გარდა, სხვა ოლიგარქი არ არის“.