სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა იყო რიგითი ოპოზიციონერის გამოსვლა, რომელსაც აქვს სურვილი, სათავეში ჩაუდგეს რაღაც ოპოზიციურ მოძრაობას და აქვს შეთავაზება, რომ შალვას ფანჩატური გარემონტდეს და გადაიქცეს სალომეს ფანჩატურად - ის არის უკიდურესად ტენდენციური და ჩამოყალიბებულია როგორც რიგითი რადიკალური ოპოზიციონერი,- ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტში პრეზიდენტის წლიური მოხსენების შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა “მის ფორმალურ სტატუსთან მიმართებით ანტიკონსტიტუციურია და არ შეესატყვისება პრეზიდენტის სტატუსს”.
“სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა იყო რიგითი რადიკალური ოპოზიციონერის გამოსვლა. არცერთი სიტყვა ქვეყნის რაიმე წარმატებაზე მის ამ ვრცელ სიტყვაში არ თქმულა. შიდა შეფასებას რომ თავი დავანებოთ, რადგან ჩვენ შეიძლება სუბიექტურებიც ვიყოთ, მაგალითად მსოფლიო ბანკი, მსოფლიო სავალუტო ფონდი და სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციები ყოველ კვირაში გამოსცემენ კვლევის შედეგებს, სადაც არ არსებობს სფერო, სადაც პროგრესი არ გვაქვს, ამის მიუხედავად, არცერთი სიტყვა პოზიტივთან დაკავშირებით საქართველოს ფორმალურ პრეზიდენტს არ უთქვამს.
ეს იყო რიგითი ოპოზიციონერის გამოსვლა, რომელსაც აქვს სურვილი, სათავეში ჩაუდგეს რაღაც ოპოზიციურ მოძრაობას და აქვს შეთავაზება, რომ შალვას ფანჩატური გარემონტდეს და გადაიქცეს სალომეს ფანჩატურად. ვერცერთ განსხვავებას ვერ იპოვით მის დღევანდელ გამოსვლასა და ყველაზე რადიკალური ოპოზიციონერის გამოსვლას შორის. როდესაც ოდნავ მაინც გაქვს სურვილი, ოდნავ მაინც იყო ობიექტური ერთი სიტყვა მაინც უნდა დაგცდეს, რომ შენს ქვეყანაში რაღაც ხდება კარგი”,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.