„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიცია არჩევნებამდე საკუთარ ამომრჩეველს ატყუებდა, თითქოს „ქართულ ოცნებას“ 25-30 პროცენტი ჰქონდა და ახლა იძულებული არიან, „სულელური პროტესტები აორგანიზონ“.
მდინარაძის თქმით, ოპოზიციის აქციებს რესურსი არ აქვს.
„ყველა პარტიას ჰყავს თავისი მხარდამჭერი და მათაც, იმ მცირერიცხოვან მხარდამჭერებში, რასაც ხელოვნების წარმომადგენლები ჰქვიათ ხოლმე, ჰყავთ ასეთი გუნდი „გამოუვალი მდგომარეობა“, რომელიც თავისი სახელით ზუსტად ასახავს მათ მდგომარეობას. მათ მოატყუეს ხალხი, რომ 25 თუ 30 პროცენტი ჰქონდა „ქართულ ოცნებას“ და ახსნა არ აქვთ. ახლა ეს სულელური პროტესტები რომ არ აორგანიზონ, რა უნდა უთხრან თავიანთ ამომრჩეველს. მართლა, გულწრფელად თანავუგრძნობ მათ იმ ტყუილის შედეგებს, რა ტყუილის საფუძველზეც დასჭირდათ მეორე ტყუილის თქმა, რომ 25 პროცენტის ნაცვლად, იმიტომ აქვს 54 პროცენტი მმართველ პარტიას, რომ რამდენიმე ასეული ათასი ხმა გააყალბეს. ერთი მდაბიო ტყუილის გადასაფარად, მეორე, უფრო მასშტაბური და კიდევ უფრო მდაბიო ტყუილი შესთავაზეს. სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში არიან ადამიანები, ძალიან მცირე ნაწილი, მათი მომხრეების მცირე ნაწილი, რომელიც ამ სიგიჟეს იჯერებს. ვიღაც ხომ იჯერებს, ვიღაცას ხომ გულწრფელად სჯერა, რომ 2 მილიონიდან გაყალბდა 300 000 ხმა და ეს ხმები ჩაყარა მმართველმა გუნდმა. ამის თეორიულ დაშვებას ხომ აკეთებს ვიღაც. კიდევ ერთხელ ვიმეორებ – არავის არ მივაყენებ შეურაცხყოფას, ვისაც არ უნდა დაუჭიროს მხარი. ამომრჩეველია, თავისი აზრი აქვს, ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ ჰყავთ. „მთავარ არხა“, „ფორმულას“ და „ტვ პირველს“ რომ უყურო ორი კვირის განმავლობაში, შეიძლება, ფსიქოლოგიური ტერორის მსხვერპლი აღმოჩნდე, მაგრამ იმას რომ იჯერებ, რომ ელექტრონული არჩევნების პირობებში 2 მილიონიდან შეიძლება, ვიღაცამ ჩაყაროს 300 000 ხმა, ეს რომ ვიღაცას ჩემთვის ეთქვა, მე პირადად შეურაცხყოფად მივიღებდი და შეურაცხყოფილად ვიგრძნობდი თავს. ძალიან გულწრფელად ვამბობ. ვიღაც ამას იჯერებს. არც ამ ტყუილის განვრცობას აქვს რაიმე რესურსი და არც ამ აქციებს. ჯერ ისევ როგორ ტყუილში ცხოვრობენ. მაგალითად, ქართველი ფსევდოლიბერალების აზრით, ამერიკელი ხალხი დღეს ჩელიაბინსკში გაიღვიძებს, რადგან ტრამპა გაიმარჯვა და იმარჯვებს ტრამპი არჩევნებში. ასეთი ნარატივი აქვთ. ახლა წარმოიდგინეთ, კამალა ჰარისმა რომ დაიწყის, ჩელიაბინსკში ვიღვიძებთო, აი დაახლოებით ამ დონის კამპანია აქვთ საქართველოში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.