ტრაგედიით სარგებლობა ყველაზე დიდი ამორალური რამ არის, რაც კი შეიძლება, ადამიანმა მოიფიქრო და ამას ახერხებენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ ჟურნალისტებთან პასუხად განაცხადა.
„მე არ მიადვილდება ამ თემაზე საუბარი, მაგრამ როდესაც მათ ინფორმაციაც აქვთ და ალბათ დღეს კიდევ ერთხელ მოისმენენ ამ ინფორმაციას, რა მდგომარეობაში ამოჰყავდათ მაშველებს გარდაცვლილი ადამიანები, რამდენად მყისიერი იყო თუ არა ადამიანების გარდაცვალება იმ უდიდესი ტრაგედიის დროს, ამის შემდეგ რომ კიდევ საუბარს აგრძელებენ, ამაზე დიდი ამორალურობის წარმოდგენა შეუძლებელია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, პარლამენტის სხდომათა დარბაზში ოპოზიციის წარმომადგენლებს „რაღაც ფუსფუსი აქვთ და რაღაცისთვის ემზადებიან“.
„ახლა ლევან დავითაშვილს პრაქტიკულად არ უსმენს ოპოზიცია. რამდენიმე ადამიანია დარბაზში და რაღაც გეგმებს ალაგებენ. იქვე იგრძნობა, ისე გოიმურად აკეთებენ ამ ყველაფერს, რომ რაღაც მითითებებს აძლევენ ერთმანეთს, დიდი ფუსფუსი აქვთ გაჩაღებული. როგორც ჩანს, რაღაცას მოაწყობენ, მაგრამ ეს არ ვიცი. რაღაც ფუსფუსი აქვთ და რაღაცისთვის ემზადებიან, ისე გოიმურად და ისე რაღაცნაირად, არ ვიცი, რა დავარქვა. არ აინტერესებს ამ ხალხს არცერთი თემა. ანაკლიაზე ვლაპარაკობთ და რომან გოცირიძე ლაპარაკობს, იქ ნატო-ს წყალქვეშა ნავები უნდა განვათავსოთო. არასერიოზული ხალხია, მაგრამ ამ ყველაფერსაც თავი რომ დავანებოთ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მეათედი ინფორმაციაც რომ გქონდეს, რაც მოხდა შოვში და შემდეგ ამასთან დაკავშირებით რაღაც პოლიტიკურ დღის წესრიგს აგებ, ამაზე დიდი ამორალურობა არ არსებობს. ეს სპექტაკლი, რაც მათ დღეს უნდა მოაწყონ, ამ ამორალურობის ხარისხის პიკს აღწევს, რომ ამასთან დაკავშირებითაც კი შეუძლიათ, თავისი პოლიტიკური დივიდენდებისთვის იზრუნონ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ: ამ დროისთვის, პარლამენტში ინტერპელაციის წესით ეკონომიკის მინისტრის მოსმენა მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენა პარლამენტში ინტერპელაციის წესით დღესვე გაიმართება. ვახტანგ გომელაურმა შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გაგზავნილ კითხვებს უნდა უპასუხოს. კითხვებით მას ფრაქცია “ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიმართა.