წარმოუდგენელ ტყუილებს კადრულობენ ემიგრაციის საკითხზე, ახლა გამწარებული დარბიან, რეკავენ, ვინ იტყვის, რომ საკონსულო აღრიცხვაზე აყვანა ეკუთვნოდა და უარი უთხრეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი ვაშაძემ პლენარულ სხდომაზე ამის ერთი მაგალითიც კი ვერ დაასახელა.

„წარმოუდგენელ ტყუილებს კადრულობენ ემიგრაციის საკითხზე. თაღლითობის ეს ხარისხი ხაზარაძეს და მის პარტიასაც კი გაუკვირდება. არ არსებობს ადამიანი, ერთი ადამიანიც კი ვერ იქნება, რომელსაც ყველა დოკუმენტი აქვს წესრიგში, რათა აიყვანონ საკონსულო აღრიცხვაზე და უარი უთხრან. ეს უბრალოდ წარმოუდგენელია.

გავიარე საკითხი ილია დარჩიაშვილთან და არის ისეთი შემთხვევები, როდესაც ადამიანს დოკუმენტები წესრიგში არ აქვს და მას უარი ამიტომ უთხრეს. ასეთი რამდენიმე ათეული შემთხვევაა. შემდეგ უთითებენ, რა დოკუმენტი უნდა დაამატოს, წარმოადგინოს, რომ საკონსულო აღრიცხვაზე ავიდეს. 800 000 ადამიანიდან, ხატია დეკანოიძე დღეს 87 000 ადამიანზე ჩამოვიდა, ახლა 52 მოქალაქის პრობლემაზე საუბრობენ. ყველა ემიგრანტის პრობლემა ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც ერთი მოქალაქის, თუკი ასეთი პრობლემები მართლაც არსებობს. 800 000 ადამიანიდან ჯერ 87 000-ზე ჩამოვიდნენ, ახლა 52 მოქალაქის პრობლემაზე სპეკულირებენ. წარმოუდგენელი ტყუილია, რასაც კადრულობენ. ვაშაძე რომ ყველაფერს კადრულობს, ეს გასაგებია, მაგრამ ისეთი ტყუილები ილაპარაკა დღეს, თავის თავსაც აჯობა. ყოველთვის უნდა აღვნიშნოთ და ვამხილოთ მდაბიო ტყუილებში.

საქართველოში აღარ მეგულება ადამიანი, რომელიც ასეთ მდაბიო ტყუილებს იჯერებს და ვისთვის აკეთებენ ამას? როგორც ჩანს, თავიანთ პატრონებს ეპრანჭებიან და, უბრალოდ, დავალებას ასრულებენ. სხვა გზა აღარ აქვთ, თორემ საქართველოში ადამიანი არ მეგულება, ამ ციფრებში, რეალობასა და ტყუილს შორის განსხვავება ვერ დაინახოს. გასაგებია, ვიღაცებს მხარდამჭერები ჰყავთ, მესმის მათიც, მაგრამ წარმოუდგენელი ამბავია, როგორ ბინძურად იყენებენ ემიგრანტების თემას.

ერთი ადამიანი ვერ დაასახელა ვაშაძემ, ვერც დაასახელებს ობიექტურად. ახლა აქეთ-იქით რეკავენ, ვინ წარმოადგინონ, რომ ეკუთვნოდა საკონსულო აღრიცხვაზე აყვანა და არ აიყვანეს. შეიძლება, გამოჩნდეს ვიღაც მისი გულმხურვალე მომხრე. რეკავენ გამწარებული, წინ და უკან დადიან, თვითონ იქვე რეკავდა. რაღაც სტატისტიკა გაულურჯებია, დიაგრამები გაუკეთებია, 52 მოქალაქეაო. ერთი დაასახელონ, ხომ შეიძლება, ერთი ამოიკითხო. მე რომ ვყოფილიყავი, მართალს ვიტყოდი და ასეთი პრობლემა თუ იქნებოდა, პირველივე გვარს წავიკითხავდი, რად უნდა ამას ბევრი ამბავი. მართალს თუ ამბობს, რად უნდა დარეკვა და მოძიება. 52-კაციანი სია მაქვსო, გადმომცა და თავში სხვა რამე ეწერა, ბოლოში –  სხვა, შემდეგ სულ სხვა რაღაცას ლაპარაკობს. ახლა ეძებენ ადამიანს, ვინ იტყვის, რომ ეკუთვნოდა საკონსულო აღრიცხვაზე აყვანა და უარი უთხრეს. ასეთ თაღლითობასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.