ყველა გადაცმული „პოლიციელი“ იდენტიფიცირებულია. მომავალში ვერცერთს გექნებათ შესაძლებლობა, გააგრძელოთ მუშაობა ორგანოში და ეს მომავალი ძალიან მალე დადგება, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დემონტაჟი დაწყებულია და ახალი არჩევნები აუცილებლად ჩაინიშნება.

„ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ სრულიად დაკარგა სახე და გადავიდა ადამიანების მოტაცებაზე დღისით, მზისით. ამას ასრულებს პოლიციის ფორმაში გადაცმული კრიმინალთა ჯგუფი. უნდათ, რომ დააშინონ ის მომიტინგეები და ახლა უკვე პოლიტიკოსები, რომლებიც ძალიან მყარად და მტკიცედ დგანან ქვეყნის თავისუფლების სადარაჯოზე. ბიძინა ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა გუშინ პროდასავლურ კოალიციურ პარტიებს, რომლებიც იკრიბებოდნენ „ქორდიარდ მერიოტში“, სადაც პოლიციის მთელი კორდონია და ეს, წესით, უნდა ნიშნავდეს უფრო მეტ უსაფრთხოებას, მოაწყო თავდასხმა პოლიტიკოსებზე „ტიტუშკების“ და ზონდერების თანამონაწილეობით. მისმა შავრაზმელმა ნიღბიანებმა გაიტაცეს ჩვენი თანამებრძოლი ალეკო ელისაშვილი და მსოფლიო ჩემპიონი ზურა დათუნაშვილი. ამის არანაირი საჭიროება არ იყო.

მინდა, ყველა პოლიციელს ვუთხრა, ყველა გადაცმული „პოლიციელი“ არის იდენტიფიცირებული. მომავალში ვერცერთს გექნებათ შესაძლებლობა, გააგრძელოთ მუშაობა ორგანოში და ეს მომავალი ძალიან მალე დადგება. თქვენ ასრულებთ დანაშაულებრივ დავალებებს, თქვენ არ ემსახურებით კანონს, თქვენ ასრულებთ ერთი კაცის ხუშტურებს, რომელსაც თქვენ, თქვენი ოჯახის წევრები მიჰყავს რუსეთში. თქვენ ყოველ ღამეს ასახიჩრებთ თავისუფლების მოყვარულ ახალგაზრდებს, რათა დამატებითი 500 ლარი ჩაიდოთ ჯიბეში. ყველანი ხართ იდენტიფიცირებულები. მე გამოვედი მანქანით, შემოგვერტყა პოლიციელების უზარმაზარმა არმია. რაღაც პერიოდის გასვლის შემდეგ გზა გაათავისუფლეს, ეტყობა, მოუვიდათ ბრძანება, რომ ნამეტანს შვრებოდნენ. დღეს ვამბობ ძალიან მყარად და გასაგონად ყველასთვის, ეს ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე. ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დემონტაჟი დაწყებულია. ისინი დასანქცირდებიან, აუცილებლად ჩაინიშნება ახალი არჩევნები, რაც არის მოთხოვნა და აუცილებლად გამოვლენ ის პოლიტპატიმრები, რომლებიც მოიტაცეს ამ ბანდიტებმა. თავისუფლება ალეკო ელისაშვილს, ნიკა გვარამიას, ზურა დათუნაშვილს, ჩვენი გუნდის ორ წევრს, რომელთა წინააღმდეგაც ახლა საქმეს კერავენ, თითქოს აქ რაღაც ტერორისტული საქმე მზადდებოდა. ვაი თქვენს პატრონს, თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს, ბიძინა, შენი საქმე დამთავრებულია“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.