მესამე მოსმენით “ოცნებამ“ დღეს ოფიციოალურად, დოკუმენტალურად გააფორმა მოღალატეობრივი გადაწყვეტილება, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, ხალხის ნებას და ჩვენს დეკლარირებულ, ისტორიულ არჩევანს - ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
"რუსული სპეცოპერაციით „რუსული კანონის“ მესამე მოსმენით ქართულმა ოცნებამ შეცვალა საქართველოს გეპოლიტიკური კურსი და გეზი აიღო რუსეთისკენ - უკვე დოკუმენტით დაადასტურეს რომ ისინი ემსახურებიან რუსეთს!
დღეს ქართული ოცნების მოღალატეობრივმა პოლიტიკამ წერტილი დაუსვა ამ მთავრობის მიერ ქვეყნის ევროინტეგრაციის წარმართვის პროცესს. ქართულმა ოცნებამ დეკლარირებულად აირჩია რუსეთი და უარი უთხრა ევროკავშირს.
ამ სიტუაციიდან გამომდინარე, დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება ფართო საზოგადოებრივი კონსოლიდაცია და მშვიდად, მყარი ნერვებით პროტესტის გაგრძელება და სამოქმედო სტრატეგიის შეთანხმება.
ამისათვის საჭიროა რომ სასწრაფო წესით დაიწყოს კოორდინირებული კონსულტაციები იმ საზოგადოების, ახალგაზრდობის და პარტიების მონაწილეობით, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში აპროტესტებდნენ ამ პროცესს, მთელი ჩვენი ძალისხმევა, მიმართული უნდა იყოს რუსული ხელისუფლების არჩევნებში დამარცხებნისკენ და ხელისუფლებიდან ჩამოშორებისკენ. ერთობლივი ძალებით უნდა შეიქმნას ეროვნული წინააღმდეგობის ევროპული პლატფორმა, და ამ პროცესში უმნიშვნელოვანესად მიგვაჩნია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან მჭიდრო კოორდინაცია.
ჩვენ, „ლელო“ მზად ვართ პირველი ნაბიჯი გადავდგათ. ვაცხადებთ მორატორიუმს და მოუწოდებს ყველა ოპოზიციურ პარტიას ურთიერთ-თავდაუსხმელობისკენ. ჩვენი დებატები უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ "ოცნების" დემონტაჟს. ჩვენი საუბრები და კოორდინაცია უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ რუსული ხელისუფლების ძალაუფლებისგან ჩამოშორებას.
ამ წინააღმდეგობის ფრონტს უნდა ჰქონდეს ორგანიზებული, სტრუქტურირებული სამოქმედო გეგმა და ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის ფორმა.
"ლელო" მზად არის დაიწყოს დიალოგი ყველა ძალასთან რომელიც მზად არის ალტერნატიული პლატფორმის ფორმირებაში მონაწილეობა მიიღოს და ყველაფერს გავაკეთებთ ამ პროცესის შესაქმნელად და ეს ამხელა ენერგია, რომელიც დღეს არსებობს და რომელიც გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას, არ გავფლანგოთ და მივმართოთ სწორად, რომ ჩვენმა შვილებმა არ გაიღვიძონ რუსეთის უკანა ეზოში. ჩვენ მზათ ვართ, ამ მიზნის მისაღწევათ ვესაუბროთ პოლიტიკოსებს, ახალგაზრდებს, საზოგადოების წარმომადგენლებს, ხელოვან ადამიანებს, სპორტსმენებს და ყველას ვისაც გული შესტკივა ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეზე.
საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება ალტერნატიული ცენტრი, რათა გავარღვიოთ წლების განმავლობაში არსებული ორპოლუსიანი სივრცე და ეს რეალობა გადავტეხოთ.
წარსული ვერასოდეს გაიმარჯვებს მომავალზე." - ნათქვამია მამუკა ხაზარაძის განცხადებაში.
შეგახსენებთ, შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, პარლამენტის ტერიტორიაზე მიმდინარე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი