კიდევ ერთი საინტერესო მოსმენა გაიმართა საქართველოსთან დაკავშირებით ჰელსინკის კომისიაში, დაბარებული იყვნენ სალომე ზურაბიშვილი და თინა ხიდაშელი, ჩვენ ვნახეთ ეს და ძალიან სამწუხაროა, როდესაც ხედავ, თუ როგორ ხდება საკუთარი ქვეყნის შელახვა, დაზიანება, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“.

„ძალიან ბევრი ცრუ ნარატივი მოვისმინეთ ამ მოსმენის ფარგლებში, ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია და საქართველოს იმიჯის მიზანმიმართული წარმოჩენა ძალიან დამაზიანებლად. ამას ალბათ, აქვს გარკვეული მიზეზები, თუ რატომ ხდება ასე აქტიურად ამ სივრცეების გამოყენება. ამერიკის ახალი ხელისუფლების პირობებში არსებობს გარკვეული სივრცე ალბათ იმისათვის, რომ ურთიერთობების გადატვირთვა მოხდეს. ჩვენ არაერთხელ გავაჟღერეთ, რომ საქართველოს აქვს სურვილი, აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობები გადაიხედოს, გადაიტვირთოს და სტრატეგიული პარტნიორობა დავაბრუნოთ ადგილზე, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ იქნა შეჩერებული. ეს არის ჩვენი ხელისუფლების სურვილი და ეს სურვილი არაერთხელ იქნა გაჟღერებული საჯაროდ, უმაღლეს დონეზე.

იმ პირობებში, როდესაც კონკრეტული გზავნილები ჯერ კიდევ არ ისმის თეთრი სახლიდან, რა თქმა უნდა, აქ არის სივრცე და ამ სივრცეს ძალიან აქტიურად იყენებენ ჩვენი „კეთილის მსურველები“ იმისათვის, რომ საქართველო რაც შეიძლება, ცუდად იყოს მიწოდებული ამერიკული საზოგადოებისადმი და რაც შეიძლება, ცუდი იმიჯით იყოს წარმოდგენილი, შექმნან ერთგვარი ამერიკის მტრის ხატი საქართველოსგან.

თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ აქტიურად მოგვიხსენიებდნენ, რომ ვიყავით რუსები, პრორუსები, მერე გავხდით ჩინელები, ირანელები და ასე შემდეგ. ეს პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ აქ არის ინტერესი, ერთადერთი, საქართველოსგან შექმნან მხოლოდ და მხოლოდ ამერიკის მტრის ხატი, რაც ძალიან რთული გასაკეთებელია მეორე მხრივ. იმიტომ, რომ საქართველო არის კეთილსინდისიერი პარტნიორი, საქართველოს არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ ამერიკის ინტერესები დაეზიანებინა. პირიქით, ჩვენ ძალიან კეთილსინდისიერად ვთანამშრომლობთ ყველა იმ საკითხში, რაც სჭირდება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს პირველ რიგში და რა თქმა უნდა, ჩვენ ვითვალისწინებთ ჩვენი პარტნიორების ინტერესებს“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.