„რთულია მოკლედ შეაფასო ყველაფერი, რაც ბოლო ორი თვის განმავლობაში საქართველოში და მის გარშემო ხდება. დარწმუნებული ვარ, დრო და ისტორია ყველაფერს მიუჩენს თავის ადგილს, მაგრამ ჩავლილ ამბავზე არც ბოდიშს მოიხდის ვინმე და არც სინანული შეაწუხებთ იმ ყველაფრისთვის, რისთვისაც საქართველოს იმეტებენ დღეს შიდა თუ გარე ძალები“, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა.
მისივე განცხადებით, დღეს, დემოკრატიულ ქვეყანაში, საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის მიერ არჩეულ პარლამენტის წევრებს ყველაზე უხეში ფორმებით, ღიად უშლიან ხელს გააკეთონ ის, რაც აუცილებლად მიაჩნია საქართველოს სტაბილური დემოკრატიული განვითარების უზრუნველსაყოფად.
„ვიცი, ეს რთული გასაგებია მათთვის, ვინც მხოლოდ სამ სიტყვაზე (არა რუსულ კანონს) აგებს მთელ პოლიტიკურ დღის წესრიგს, პროტესტს, გაბრაზებას თუ აგრესიის გამოვლენას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ვინც ამ სამი მაგიური სიტყვით არის შეპყრობილი, ოდნავ მაინც თუ მისცემს საკუთარ თავს დაფიქრების შესაძლებლობას, მიხვდება, რომ ის რასაც ყველაფრის ფასად ვიცავთ, არის აუცილებელი წინაპირობა სწორედ საქართველოს ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად, ვინაიდან არც სტაბილური დემოკრატიული განვითარების და არც უსაფრთხოების გარეშე ამ ქვეყანას შანსი არ აქვს ევროკავშირში გაწევრიანების რთული პროცესი წარმატებით გაიაროს და ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდეს“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა
მისივე თქმით, გამჭვირვალობას, რაც სხვაგან დემოკრატიის დაცვის ინსტრუმენტია, საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამომთხრელად აცხადებენ ოპონენტები და ცდილობენ დაამტკიცონ, რომ უცხოური გავლენა საქართველოში არ შეიძლება ქმნიდეს საფრთხეს დემოკრატიისთვის.
„ხშირად გვესმის აპელირება რუსეთზე, თითქოს ის არის ერთადერთი საფრთხე დემოკრატიისთვის და მხოლოდ მისგან დასაცავად შეიძლება ვიფიქროთ გამჭვირვალობის ინსტრუმენტის გამოყენებაზე, არადა, საქართველოში რუსეთი დემოკრატიის საფრთხე კი არა ოკუპანტია, და სულ სხვა განზომილებაში უნდა განიხილებოდეს. დღეს სწორედ უცხოური გავლენებით მოქმედი სუბიექტები გამალებით ცდილობენ ‘’გაარუსონ’’ ყველაფერი, რაც კი ბრძოლის ფასად მოგვიპოვებია და მიაკუთვნონ რუსეთს ის, რასაც ნებისმიერი ქართველი უნდა უფრთხილდებოდეს. ქართულის გადაკეთება რუსულად, საბჭოთა კავშირმა ვერ შეძლო, და დღეს რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, დიდი აღტყინებით იყენებენ ახალგაზრდების ნაწილს სწორედ ამ საქმის გასაკეთებლად, რომლებიც თავის მხრივ, თამამად იყენებენ სიტყვა ,,რუსულს’’ წერტილ-მძიმის ნაცვლად. დღეს, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ის ქვეყნები, რომელთაც ჩვენი მეგობრობის ამბიცია აქვთ, ჩართული არიან საქართველოს ხელისუფლების შანტაჟში და არ სურთ გააცნობიერონ, რა საფრთხეების შემცველია საქართველოსთვის მსგავს ცეცხლთან ასეთი უხეში თამაშები“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისივე შეფასებით, ზოგიერთ სახელმწიფოს იმდენად სწრაფად მოუწია ნატო-სა და ევროკავშირის ქოლგის ქვეშ შეფარება, რომ როგორც ჩანს, გამორჩათ, რა რთული გზა გაიარეს ქართველებმა საბჭოთა კავშირიდან თავის დაღწევის შემდეგ.
„ზოგი დღეს აქტიურად ითხოვს ევროკავშირთან ურთიერთობაში მოპოვებული მიღწევები ევროკავშირმა საქართველოზე ზეწოლის ინსტრუმენტად გამოიყენოს. ვერც ხვდებიან, რომ ამით სწორედ რუსული სტილის პოლიტიკის გატარებისკენ მოუწოდებენ ევროკავშირს. დღეს გამჭვირვალობის კანონის აუცილებლობას ჩვენი საზოგადოების დიდი უმრავლესობა აბსოლუტურად სწორად აფასებს და აქედან გამომდინარე, ვერანაირი შანტაჟის თუ დაშინების მექანიზმი ვერ დაუდგება წინ საქართველოს საჭიროებებიდან გამომდინარე გამჭვირვალობის კანონის ამოქმედებას“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.