საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თურქმენეთში ვიზიტის ფარგლებში, თურქმენ კოლეგას, თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს, საგარეო საქმეთა მინისტრს რაშიდ მერედოვს შეხვდა.
შეხვედრაზე დადებითად შეფასდა პოლიტიკურ დონეზე არსებული ურთიერთობები, აღინიშნა მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების მნიშვნელობა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და თურქმენეთის პრეზიდენტის შეხვედრას უმაღლეს დონეზე.
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებული თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. ხაზი გაესვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობას, ასევე ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო, ენერგეტიკის სფეროებში მიღწევებს და პარტნიორობის განვითარების პერსპექტივებს.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა „შავი ზღვა - კასპიის ზღვის“ სატრანსპორტო-სატრანზიტო პროექტს. საუბარი შეეხო ასევე შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს, რომელშიც, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველოს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული როლი ექნება.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას, ორ ქვეყანას შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას, როგორც ორმხრივ დონეზე, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, ასევე მრავალწლიან ურთიერთობათა მეგობრულ ხასიათს.
თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რაშიდ მერედოვმა მადლობა გადაუხადა ქართველ კოლეგას საერთაშორისო პლატფორმებზე თურქმენეთის მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებულად ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და ნდობაზე დამყარებულ პარტნიორულ ურთიერთობებს, დააფიქსირა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი მხარდაჭერა.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხელი მოაწერა შემდეგ დოკუმენტებს: „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის 2025-2026 წლებისათვის თანამშრომლობის პროგრამა“; შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის საბაჟო სფეროში თანამშრომლობისა და ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“.