საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ევროპარლამენტის წევრს, სლოვაკეთის რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და ოჯახის მინისტრის მრჩეველს, ბრანისლავ ონდრუშს და სლოვაკეთის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტს, სლოვაკეთი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის პრეზიდენტს მიხაელ შტუსკას შეხვდა.
სლოვაკი კანონმდებლები თბილისში „საქართველოში უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს გაუმჯობესება ევროკავშირის სტანდარტებისა და მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად“ დაძმობილების პროექტის ფარგლებში იმყოფებიან.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებს, რეფორმებს, რომელსაც საქართველო ატარებს და მიღწეულ პროგრესს.
მაკა ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა ევროკავშირთან ურთიერთობების, როგორც გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას, ასევე სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის საჭიროებებს.
ბრანისლავ ონდრუშმა აღნიშნა, რომ კარგად იცნობს საქართველოში შრომის უსაფრთხოების რეფორმის შედეგად დანერგილ სისტემას, და თავად არის მოწმე იმ პროგრესის, რომელიც ქვეყანამ უკანასკნელ წლებში მიაღწია. „მთავრობა და საჯარო მოხელეები ევროკავშირთან დაახლოებას არ უყურებთ როგორც ფორმალურ ვალდებულებას, გულწრფელად გჯერათ და მას ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების გზად მიიჩნევთ“ - აღნიშნა მან.
სტუმრებმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მკაფიო მხარდაჭერა გამოხატეს. მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე როგორც ევროპარლამენტის, აგრეთვე სხვადასხვა საპარლამენტთაშორისო ფორმატების ფარგლებში.