საქართველო არის შავი ზღვისპირა ქვეყანა, რომელსაც აქვს ძალიან მკაფიო ამბიცია, იყოს ევროკავშირის ნაწილი და მკაფიო განცხადება, რომ ჩვენ გვინდა, ვიყოთ ევროკავშირის წევრი, ვიმოქმედოთ ამ მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „დელფოსის ეკონომიკურ ფორუმზე“ გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.

"ათი წლის განმავლობაში დავამტკიცეთ, რომ ბევრი რამის განხორციელება შეგვიძლია ევროპული სტანდარტების დასანერგად. რეგიონს თუ გადავხედავთ, საქართველო ყველაზე ახლოს არის ევროპულ სტანდარტებთან, როდესაც საქმე ეხება ევროკავშირთან ჩვენი ასოცირების განხორციელებას, ასევე საიმედო პარტნიორობას,

საქართველომ მრავალმხრივ დაამტკიცა, რომ შეიძლება იყოს საიმედო პარტნიორი.

რაც შეეხება ნატო-სა და ევროკავშირს, როგორც ევროკავშირის თუ ნატო-ს მისიების მონაწილე, არცერთი ეს მისია არ შედიოდა მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ინტერესებში. საქართველოს ეროვნული ინტერესი მხოლოდ ჩვენი ვალდებულებების ჩვენება იყო ნატო-სა და ევროკავშირის მიმართ. ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის მკაფიო განაცხადით, რომ გვსურს, ვიყოთ ევროკავშირის ნაწილი. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, დავინახოთ, რა გვხვდება მეორე მხრიდან, რადგან დიალოგის, რეგიონზე საუბრის გარეშე, ერთმანეთისთვის კითხვის დასმის გარეშე, თუ რა გვინდა, გვქონდეს, რა გვინდა, ვიხილოთ შავ ზღვაზე, როგორ გვინდა, განვავითაროთ რეგიონული თანამშრომლობა, შეუძლებელი იქნება ასეთი თანამშრომლობა. ასე რომ, აბსოლუტურად მნიშვნელოვანია, გვქონდეს სტრატეგია და შემდეგ განვახორციელოთ ეს სტრატეგია, ავიღოთ ვალდებულება მის განხორციელებაზე. საუკეთესო სტრატეგია იქნება ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება და ყველა შესაძლებლობის გამოყენება, მაქსიმალური ძალისხმევის ჩადება შავ ზღვაში ასეთი თანამშრომლობის გასავითარებლად. რა თქმა უნდა, შემდეგ მოდის შავი ზღვის უსაფრთხოება და ძალიან ძნელია რაიმეს თქმა, ვიდრე იქ მიმდინარეობს ომი და როცა ვხედავთ საერთაშორისო პრინციპების აშკარა დარღვევას. ასევე ვეთანხმები, რომ აბსოლუტურად მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს პრინციპები – საერთაშორისო პრინციპები, საერთაშორისო სამართალი და მათი გამოყენება თანამშრომლობის საფუძვლად“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.