ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისა და თავდაცვის პოლიტიკის  საკითხებზე ბელგიის ქალაქ ბრიუგეში გამართულ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირის გაფართოების საკითხზე სიტყვით მიმართა კოლეგებს.

„ნიშანდობლივია, რომ ევროკავშირის უსაფრთხოების და თავდაცვის კონფერენციაზე განვიხილავთ ევროკავშირის გაფართოების საკითხს. დღევანდელი მსჯელობა მოწმობს იმას, რომ ევროკავშირის უსაფრთხო მომავალი სწორედ ჩვენს ერთობაშია და ამ ერთობის უზრუნველყოფას სჭირდება მშვიდობის და კეთილდღეობის სივრცის - ევროკავშირის, გაფართოება შეფერხების გარეშე“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მხარდაჭერის და  კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მონიჭებისთვის. მან ისაუბრა საქართველოს პროგრესზე და ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე. 

„საქართველოს ბრძოლა დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტისთვის 30 წელზე მეტს ითვლის. მიუხედავად რუსეთის აგრესიის და მის მიერ საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაციისა, ჩვენ შევძელით ქვეყნის ტრანსფორმაცია და დემოკრატიული სახელმწიფოების რიგებში დაყენება. თუმცა, საბოლოო მიზნის მიღწევამდე ჯერ კიდევ რთული გზა გვაქვს გასავლელი. ჩვენ ვართ საჭირო რეფორმების ერთგული და ამ გზაზე მოკავშირეები და პარტნიორების მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტად გვჭირდება“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ეფექტიანობის მნიშვნელობას და ევროკავშირში ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაციის მექანიზმების ამოქმედებას კანდიდატი ქვეყნებისთვის.
„დღევანდელ კომპლექსურ, ცვალებად და არაპროგნოზირებად სამყაროში დრო ძალიან ძვირფასია და არასწორ აღქმებში და ფორმალობებში მისი დაკარგვა დიდი გეოპოლიტიკური შეცდომა იქნება. გაფართოების პოლიტიკის წარმატებისთვის, კანდიდატ ქვეყნებთან ევროკავშირში წევრობაზე მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს,“- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.