ეუთო-ს პლატფორმა ჩვენთვის ყოველთვის არის საუკეთესო შესაძლებლობა, რომ უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე იყოს საუბარი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს სდომაზე ისაუბრებს საქართველოში არსებულ ვითარებაზე და 26 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

„ამ პლატფორმას გამოვიყენებთ, რათა კიდევ ერთხელ ვისაუბროთ იმ გამოწვევებზე, რაც აქვს საქართველოს რუსულ ოკუპაციაზე, ვისაუბრებ იმ ვითარებაზე, რომელიც საქართველოშია, ასევე ჩვენს განაცხადზე, მისწრაფებაზე, რაც შეეხება ევროკავშირთან ურთიერთობებს. რა თქმა უნდა, სპეკულაციები ურთიერთობის თემაზე ჩვენთვის მოიაზრება უსაფრთხოების კონტექსტში და არის დამაზიანებელი. სწორედ ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არ ხდებოდეს სპეკულაციები და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, ეს ნაბიჯები ემსახურებოდეს საქართველოს რეალურ ინტეგრაციას ევროკავშირში და საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში.

რა თქმა უნდა, შევეხებით არჩევნების საკითხს. იცით, რომ ეუთო-ოდირის მისია აკვირდებოდა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს. ეს იყო საკმაოდ დიდი რაოდენობის დამკვირვებელი, რომლებმაც შეაფასეს საქართველოში ჩატარებული არჩევნები. საბოლოო დასკვნას ველოდებით რამდენიმე კვირაში, თუმცა გარკვეული შეფასებები უკვე გაკეთდა როგორც დელეგაციის ხელმძღვანელი პირების, ასევე სხვადასხვა დამკვირვებლის მხრიდან. მნიშვნელოვანია, რომ მოვუსმინოთ იმ სადამკვირვებლო მისიას, რომელიც აერთიანებს ყველაზე მეტ დამკვირვებელს. არ უნდა ხდებოდეს მათი საქმიანობის უგულებელყოფა, რა ტენდენციებსაც ჩვენ ვხედავთ და ძალიან ხშირად ხდებიან ხოლმე ისინი თავდასხმის ობიექტები. საქართველო არის ეუთო-ს მონაწილე ქვეყანა და რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ორგანიზაციასთან, მის ინსტიტუტებთან ურთიერთობა. თქვენ ნახეთ ასევე დელეგაციის ხელმძღვანელის წერილი, რომელიც გამოთქვამს ერთგვარად მზადყოფნას, გავაგრძელოთ მუშაობა ეუთოს-თან, ეუთო-ს შესაბამის ინსტიტუტებთან, რათა რეკომენდაციები, რომელიც გაიცემა ეუთო-ოდირის მიერ, შესრულებული იყოს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი 4-6 დეკემბერს მალტაში, ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 31-ე სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.