საქართველოსთვის ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამ მნიშვნელობიდან გამომდინარე, ჩვენ ველოდებით გარკვეულ გზავნილებს აშშ-ის მხრიდან, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ურთიერთობების თვისობრივად გადატვირთვაზე და სამართლიან დამოკიდებულებაზე საქართველოსთან მიმართებაში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ღია წერილთან დაკავშირებით, რომლითაც ირაკლი კობახიძემ დონალდ ტრამპს და ჯეი დი ვენსს მიმართა.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოსთვის სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან არის ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებო საკითხი, რაც მოითხოვს დროულად გარკვეული პოზიციების დაფიქსირებას საქართველოსთან მიმართებაში.
„საქართველომ წლების განმავლობაში არაერთხელ აჩვენა რომ აშშ-სთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პარტნიორია. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია იმ სტრატეგიული შეთანხმების ფუნქციონირება, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს და ამისთვის საჭიროა ვიცოდეთ, თუ როგორია აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის პოზიციები საქართველოსთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ უყურადღებოდ ვერ დავტოვებდით იმ აქტს, რომელიც მიღებული იქნა კონგრესის მიერ, რომელსაც ეწოდება ე.წ. მეგობარი აქტი, თუმცა მეგობრობის ელემენტები ნაკლებია ამ აქტში. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, თუ რა პოზიციები არსებობს თეთრ სახლში იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა წარიმართოს საქართველოსთან ურთიერთობები. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ, ხაზს ვუსვამთ, რომ საქართველოსთვის აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებო საკითხი, რაც მოითხოვს დროულად გარკვეული პოზიციების დაფიქსირებას საქართველოსთან მიმართებაში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.