თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ლილოს დასახლებაში, ევგენი აფხაზავას IV შესახვევის N6-ის მიმდებარედ  რეკრეაციული სივრცის მოწყობა დაიწყო. სამუშაოებს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მის მოადგილესთან, ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.

დედაქალაქის მერის განცხადებით, პარკი ერთ ჰექტრამდე ტერიტორიაზე ეწყობა.

„აქ მიმდინარეობს პარკის მოწყობის სამუშაოები. ეს ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო. დავპირდით მოსახლეობას, რომ მოვაწყობდით პარკს. სამუშაოები შემოდგომაზე დასრულდება. ამ პროქტის ფარგლებში მთლიანად გამწვანდება ტერიტორია, სივრცეები გამოიყოფა ბავშვებისთვის, ვარჯიშისთვის, დამონტაჟდება ატრაქციონები, სარწყავი სისტემა, ღამის განათება - ყველანაირად კეთილმოწყობილი იქნება იმისთვის, რომ მოსახლეობამ დაისვენოს და განიტვირთოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში, 9 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყობა საპარკე ინფრასტრუქტურა და ტერიტორია გამწვანდება - დაირგვება სხვადასხვა სახეობის ნერგები და დაითესება ბალახი.

სამუშაოებს ასევე გაეცნენ სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, ასევე საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები.