ამერიკის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა Deep state ამერიკის რუსეთთან ომში ჩათრევის მცდელობაში დაადანაშაულა. "ისინი აღვივებენ შიშსა და ისტერიას. ამას აკეთებენ იმისათვის, რომ აშშ-ის არმია რუსეთთან პირდაპირ კონფლიქტში ჩაითრიონ, რაც, საბოლოო ჯამში, ევროკავშირსა და ნატოს სურთ. ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ,"- განაცხადა ტუილსი გაბარდმა. განცხადება დაზვერვის შეფმა ორგანიზაცია Turning Point-ის ღონისძიებაზე გააკეთა.

გაბარდა ისაუბრა სადაზვერვო სამსახურში მოქმედი Deep state-ის მიერ დაზვერვის მონაცემების იარაღად გამოყენებაზე და მედიის საშუალებით მცდარი ნარატივების შექმნაზე. X-ზე გამოქვეყნებული პოსტით კი დასავლური მედია არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. მისივე თქმით, ტრამპი ცდილობს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას, თუმცა ყოველ ჯერზე, როდესაც ისინი პროგრესს აღწევენ, Deep state-ის ომის გამჩაღებლები მათ შესაჩერებლად ყველაფერს აკეთებენ.

მანამდე გამოცემა Reuters-მა დაწერა, რომ ამერიკული სპეცსამსახურების ანგარიშები შეიცავდა გაფრთხილებას, რომ პუტინს მთელი უკრაინის ხელში ჩაგდება სურდა და ევროპის იმ ნაწილებზე ჰქონდა გათვლა, რომლებიც "ყოფილ საბჭოთა კავშირს ეკუთვნოდა."

ამერიკის დაზვერვის დირექტორის გზავნილებს თბილისში გამოხმაურებები მოჰყვა. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ არაფორმალური გავლენები, ე.წ. Deep state მაქსიმალურ ძალისხმევას დებს იმისთვის, რომ სამშვიდობო მცდელობებს შეეწინააღმდეგოს.

"სულ ცოტა ერთი წელია ვაკვირდებით სერიოზულ ჭიდილს, ერთის მხრივ, ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან, როდესაც ისინი ცდილობენ მშვიდობის დამყარებას სხვადასხვა კონფლიქტში, განსაკუთრებით, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში, მაგრამ, მეორეს მხრივ, ასევე, ვხედავთ, რომ არის სრული მობილიზაცია არაფორმალური გავლენების მხრიდან, ე.წ. Deep state-ის მხრიდან პოლიტიკურ ნაწილში, ეკონომიკურ ნაწილში, უსაფრთხოების ნაწილში მედია-რესურსის გამოყენებით, შეეწინააღმდეგონ ამ მშვიდობის ძალისხმევას. გაჩაღებულია ჩვეულებრივი ომის რიტორიკა. მაქსიმალური ძალისხმევა იდება იმისთვის, რომ ომი უკრაინაში გაგრძელდეს და რაც შეიძლება მეტი სამხედრო შეიარაღების პროცესი მიმდინარეობდეს ევროპაში. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ეს ბრძოლა ტრამპის ადმინისტრაციასა და Deep state-ს შორის გრძელდება, არაფერი დასრულებული არ არის. როგორც ჩანს, ამ არაფორმალურ გავლენებს ჯერ კიდევ აქვთ რესურსი, რათა მაქსიმალურად შეეწინააღმდეგონ ამ მცდელობებს," - განაცხადა ლევან მახაშვილმა.