"ჩვენ ვნახეთ ის ცნობილი სახეები, რომლებიც ნაცნობია საქართველოს საზოგადოებისთვის და გაუკეთებიათ არაერთი უსაფუძვლო, მაგრამ კრიტიკული შეფასებები არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენ ვიცით, რომ მათგან მცდელობები გრძელდება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში, ევროპარლამენტში, ეროვნულ პარლამენტებში, რომ მაქსიმალურად დააზიანონ საქართველოს ინტერესები." - ასე ეხმაურება პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 2025 წლის ანგარიშის მიღებას.
ლევან მახაშვილი ამბობს, რომ დოკუმენტში ნეგატიური ჩანაწერების ერთ-ერთი ავტორი ჯო უილსონი იყო.
"ეს ჩანაწერები გავიდა თითოეული კომიტეტის ფარგლებში და ამ კომიტეტში ამერიკის დელეგაციასთან ერთად, კონკრეტულად ჯო უილსონთან და რამდენიმე დელეგაციასთან ერთად, რომელიც იყვნენ სპონსორები და ავტორები ამ ჩანაწერების, ჩვენ ვნახეთ ის ცნობილი სახეები, რომლებიც ნაცნობია საქართველოს საზოგადოებისთვის და გაუკეთებიათ მათ არაერთი უსაფუძვლო, მაგრამ კრიტიკული შეფასებები არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენ ვიცით, რომ მათგან მცდელობები გრძელდება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში, ევროპარლამენტში, ეროვნულ პარლამენტებში, რომ მაქსიმალურად დააზიანონ საქართველოს ინტერესები. ამ დელეგაციებს, ბუნებრივია, საქართველო პატარა ქვეყანაა, არიან ბევრად უფრო დიდი სახელმწიფოები და ბევრად დიდი წარმომადგენლობა ჰყავთ. როდესაც იღებენ გადაწყვეტილებებს, საქართველოს აქვს სულ ერთი ხმა კომიტეტზე, მაშინ როდესაც მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს 20 ხმა. ამიტომ, კენჭისყრის გზით, საბოლოო ჯამში, მოახერხეს დამატების შეპარება", - აცხადებს ლევან მახაშვილი.