პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის შემთხვევაში დავით კეზერაშვილის ფაქტორი ვიდრე „დამოკლეს მახვილივით“ იქნება ჩამოკიდებული, მის მიერ დაწესებული სანქციები არასერიოზული და არარეალური იქნება.

როგორც მახაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დიდმა ბრიტანეთმა თავისი სტანდარტიც კი გააუარესა, რადგან წინა შემთხვევაში, თუ სანქციების თაობაზე ე.წ. განმარტებაში რაღაცები ორი სიტყვით მაინც ეწერა, ახლა ოთხსიტყვიანი წინადადებით შემოიფარგლა.

„მეც ოთხი სიტყვით შემოვიფარგლები – საერთაშორისო კრიმინალი დავით კეზერაშვილია. მგონი, ეს ყველაფერს პასუხს სცემს იმ გულწრფელობასთან და რეალობასთან დაკავშირებით, რაც შეიძლება დიდ ბრიტანეთს ჰქონდეს. მათ კედლებში როცა საერთაშორისო კრიმინალი დავით კეზერაშვილი მშვიდად ტრიალებს და საქმიანობს, ამ დროს სხვას მორალი ასწავლონ და ჭკუა უკითხონ, სულ მცირე, არადიპლომატიურია“, – განაცხადა მახაშვილმა.