კოალიცია"ცვლილებისთვის" ლიდერების მხრიდან გირაოს არ გადახდის გადაწყვეტილებას, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი ეხმაურება და აცხადებს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს რეიტინგი დრამატულად აქვთ შემცირებული, შესაბამისად, ცდილობენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას თავი სხვადასხვა გზით აარიდონ.

"ყველაფერი კარგად აქვთ გათავისებული. ვიღაცებმა გირაო გადაიხადეს, ბატონ ხაზარაძეს და ბატონ ჯაფარიძეს ვგულისხმობ, თუმცა ერთმანეთის ბულინგიც მიდის შიგნით და აქაც აზრები არის გაყოფილი. ვიღაცას უფრო აწყობს, რომ თითქოს "გმირად" იქცეს საკუთარი ამომრჩევლის თვალში და შეიძლება ურჩევნია ძალით აღმოჩნდეს ციხეში, რომ შემდეგ ამით აუხსნას საკუთარ ამომრჩეველს, აი, როგორ უნდა მიმეღო არჩევნებში მონაწილეობა, მე ხომ ციხეში ვიმყოფებოდი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მათ იციან, რამდენად დრამატულად არის შემცირებული მათი რეიტინგი," - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, გირაოს გადახდას არ აპირებს. მისივე თქმით, აქვს მოლოდინი, რომ მის მიმართ დაკისრებული გირაო, პატიმრობით შეიცვალოს. გირაოს გადახდას არ აპირებს არც "კოალიცია ცვლილებისთვის" თანათავმჯდომარე, ნიკა გვარამია. ამ წუთებში იმართება სასამართლო სხდომა, თუმცა დღეს აღკვეთის ღონისძიების გადახედვაზე არ მსჯელობენ. გირაოს გადახდის ვადა შვიდ ივნისს იწურება, სავარაუდოდ, სწორედ ამის შემდეგ შეიცვლება აღკვეთის ღონისძიებაზე პროკურატურის შუამდგომლობა.

ცნობისთვის, პოლიტიკოსის წინააღმდეგ საქმე პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო აღიძრა. პარტია "ახალში" აცხადებენ, რომ პარლამენტი და შესაბამისად, კომისიაც არალეგიტიმურია, ამიტომ არ ცნობენ მასზე არ მისვლის გამო დაკისრებულ სანქციებსაც.