თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა ამერიკის ყოფილი მაღალჩინოსნის, ლორენს ვილკერსონი განცხადება, რომელიც შტატების მხრიდან საკუთარი მიზნებისთვის, ლიბერალური დემოკრატიის გამოყენებაზე საუბრობს.
სახელმწიფო მდივნის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი სხვადასხვა ქვეყანაში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მიერ მართულ მედიებსა და ენჯეოებზე, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების რეალურ საქმიანობაზე საუბრობს. როგორ ფინანსდებოდა მათთვის სასურველი მთავრობები, რათა მათ კონკრეტული დავალებები შეესრულებინათ და გარე ძალების ინტერესები გაეტარებინათ. "ჩვენ ვყიდულობდით მედიებს და არასამთავრობოებს. ისინი სადაზვერვო სააგენტოს მიერ იყვნენ გაფილტრული", - აცხადებს შეერთებული შტატების ყოფილი მაღალჩინოსანი. მისივე თქმით, მსგავსი სცენარი იყო საქართველოშიც.
მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ეს არის კიდევ ერთი აღიარება, როგორ ცდილობენ წლების განმავლობაში გარე ძალები ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას.
"ქართულმა ოცნებამ" გავბედეთ და ოთხი წელია ჩვენ ამაზე ღიად ვსაუბრობთ. ძალიან ბევრი რაღაც დადასტურდა, რაც ბატონი ტრამპი გახდა აშშ-ის პრეზიდენტი. ჩვენ ვიყავით პირველები, რომლებმაც ღიად ვისაუბრეთ, თუ რამხელა საფრთხეს წარმოადგენდა USAID და NED წამოსული დაფინანსება. გახსოვთ მაშინ, თუ როგორი კრიტიკის ქარცეცხლში გაგვატარეს ე.წ. ჩვენმა მეგობრებმა და მათმა აგენტურამ, თუმცა ყველაფერი დადასტურდა. კონკრეტულად, ამ ყოფილი მაღალჩინოსნის საუბრიდანაც იკვეთება ის, რასაც ჩვენ ვსაუბრობთ - ის მდიდარი NGO-ები, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ "კოლექტიურ გიგაურს," "კოლექტიურ ლომჯარიებს," თუ როგორ გამოიყენებიან უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მხრიდან, როგორც ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ქვეყანაში შემოიტანონ დაძაბულობა, პოლარიზაცია, დისკრედიტაცია, დაგეგმონ რევოლუციური სცენარები და ა.შ. ჩვენ ეს ფილმი ძალიან ბევრჯერ გვაქვს ნანახი და აქაც ჩვენი საზოგადოები აბსოლუტური უმრავლესობისთვის ყველაფერი გაშიფრულია," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.




