ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ გაიაზროს, რომ ეს ოთხივე პარტია თამაშობს ერთსა და იმავე თამაშს, ერთი და იგივე დამკვეთი ჰყავთ, ერთსა და იმავე მაგიდის გარშემო სხედან, ერთად თათბირობენ და შემდეგ ერთად იღებენ გადაწყვეტილებებს იმაზე დაყრდნობით, თუ რა ინსტრუქციაა წამოსული უცხოეთიდან, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხად
„მე შემიძლია, ერთი მაგალითი მოვიყვანო, რატომ იქნებოდა კატასტროფა, „ქართულ ოცნებას“ რომ უმრავლესობა ვერ აეღო და, მაგალითად, 49% აგვეღო. მე ბევრთან მომსვლია კამათი, მაგალითად, გახარიას მხარდამჭერებთან, რომლებსაც ვერ უმტკიცებ, რომ გახარიაც ამ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილია, მიუხედავად იმისა, რომ ოთხ მუნიციპალიტეტში აქვს შექმნილი კოალიცია „ნაციონალურ მოძრაობასთან“, მიუხედავად იმისა, რომ მათი თავმჯდომარის არდაჭერის გამო გადადგა და მიუხედავად იმისა, რომ მთლიანად ერთნაირი დღის წესრიგი აქვთ, ერთნაირი გზავნილები; მიუხედავად იმისა, რომ გახარიამ დააანონსა, პირველი ფაზა უნდა იყოს წლის ბოლოს, რომ ხელისუფლება შევცვალოთ რევოლუციის გზით 20 იანვრამდე, ტრამპის ინაუგურაციამდე, ან მეორე ფაზა უნდა იყოს ქვეყნის ეკონომიკური იზოლაციაო და სინქრონში იგივე დააანონსა მიხეილ სააკაშვილმა. ეს გვერდით გადავდოთ და წარმოვიდგინოთ, რომ გახარია არ წარმოადგენს ამ ძალას. რომ ვეკითხები ჩემს ნაცნობს, რომელიც გახარიას მხარდამჭერია, ამ ოთხ რადიკალურ პარტიას რომ მოეგო, მათ გაცხადებული, დეკლარირებული პოზიცია ჰქონდათ, რომ კოალიციას ჩვენთან არ ქმნიდნენ, შესაბამისად, ეს ოთხივე რადიკალური პარტია ერთმანეთთან ქმნიდა კოალიციას და გახარია, ჰიპოთეტურად წარმოვიდგინოთ, რომ არ არის „ნაცი“, მაგრამ ჯამურად, ამ ოთხი პარტიის ხმებში გახარიას დაახლოებით 20% ჰქონდა აღებული და როგორ წარმოგიდგენიათ კოალიცია, ანუ ისევ „ნაციონალური მოძრაობა“ ბრუნდებოდა ხელისუფლებაში, იმავე რეჟიმს შემოგთავაზებდათ ხომ-მეთქი და შემდეგ იწყებენ უკვე ამის გაანალიზებას. ძალიან შეცდომაში ჰყავთ შეყვანილი გახარიას და მსგავს პარტიებს ასეთი ამომრჩეველი“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რას შეცვლის ქართულ პოლიტიკაში საგამოძიებო კომისიის შედეგი, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რომ კომისია როდესაც მუშაობას მორჩება, უკვე ცხადია, საკმარისი მტკიცებულებები იქნება, რათა კომისიის რეკომენდაცია გადაეგზავნოს პროკურატურას, შესაბამის უწყებებს რეაგირებისთვის და იქნება საკმარისი სამართლებრივი საფუძველი, რომ ამ მტკიცებულებებზე დაყრდნობით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართონ, რათა „ნაციონალური მოძრაობა“ თავის მემკვიდრე და სატელიტ პარტიებთან ერთად აიკრძალოს.
„მემკვიდრე პარტიის პირდაპირ თვალსაჩინო მაგალითია პარტია „ახალი“. ჩვენ ესეც დაინიცირებული გვაქვს, რომ იმავე გადაწყვეტილების მიმღებები როდესაც არიან პარტია „ახალში“, იგივე საწესდებო მიზნებია, იგივე საქმიანობის არსი და ა.შ., რა თქმა უნდა, ეს არის მემკვიდრე პარტია და არავის არ გაუკვირდება, რომ „ახალი 2“ და „ახალი 3“ ვეღარ გაჩნდება საქართველოში. ბატონ ხაზარაძესაც მოუწევს იმის მტკიცება, რომ არ წარმოადგენს ამ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, მაგრამ მას სხვა კითხვებზეც აქვს პასუხები გასაცემი. მას არა მარტო „მაგნატის“ თემაზე აქვს პასუხები გასაცემი, რასაც ასე არიდებს თავს, არამედ იქ უამრავი ანალოგიური საკითხია – იგივე ბანკი „კონსტნანტას“ საქმე, იგივე „ელიტ ელექტრონიქსის“ საქმე, ლისის თემა და ა.შ. თუ იგი მართალია, რატომ არ მიდის? მთელი საქართველო უყურებს ამ პროცესს, ძალიან კარგად მოეხსენება, და დაამტკიცოს თავისი სიმართლე. ბატონი გახარია ადგეს და ამტკიცოს, რომ იგი არ წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილს, მაგრამ მაგრად გაუჭირდება სწორედ იმ მიზეზებიდან გამომდინარე, რაც მე ჩამოვთვალე და კიდევ უამრავი ფაქტია, უბრალოდ, ფორმატი არ გვაძლევს ამის საშუალებას, თორემ მე შემიძლია, ძალიან ბევრი ვილაპარაკო მათ შორის მსგავსებაზე და იმაზე, თუ რატომ აკეთებენ ისინი ერთიან საქმეს“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
შეკითხვაზე, რამდენად მისაღებია დემოკრატიული პროცესისთვის პარტიების აკრძალვა, რადგან სწორედ ეს არის ის საკითხი, რასთან დაკავშირებითაც ხელისუფლებას ოპონენტები ასევე აქტიურად აკრიტიკებენ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ეს არ არის ახალი პრაქტიკა და ათწლეულების განმავლობაში ათობით პარტია აიკრძალა თვითონ ევროკავშირის ქვეყნებში.
„ეს, პირიქით, დემოკრატიის ხარისხს გაზრდის ჩვენს ქვეყანაში, როდესაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ იარსებებს, ვინაიდან უკვე ახალი ძალები გამოჩნდებიან. მე ძალიან ბევრ ახალგაზრდასთან მქონია საუბარი, რომლებიც ჩვენ რაღაცაში გვეთანხმებიან და რაღაცაში არ გვეთანხმებიან. ისეთი ტიპის ახალგაზრდებზე მაქვს საუბარი, ვინც ჯანსაღად აზროვნებს და ვინც არ არის გეოპოლიტიკურ რაღაც ილუზიაში, ვინც იცის, რომ ჩვენ აბსოლუტურად უალტერნატივოდ ვიმოქმედეთ ამ სამი წლის განმავლობაში, ფრთხილი პოლიტიკა რაც იყო, დავიცავით ჩვენი ქვეყანა და გვეთანხმებიან აბსოლუტურად, მაგრამ არის ძალიან ბევრი შიდა თემა, რაშიც გვაკრიტიკებენ და კამათშიც რომ შევდივარ, ბევრ რაღაცაში მიგებენ. რომ ვეკითხები, რატომ არ აფუძნებენ მოძრაობას, რომელიც შემდეგ უკვე პარტიად გადაკეთდება, პირდაპირ ამბობენ, კონკურენციაში ჩვენ ვერ შევალთ ამ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რადგან მათ აქვთ უამრავი ფული, უამრავი დაფინანსება მოდის, აქვთ თავიანთი ტელევიზიები და რა აზრი აქვს, არც ეთერს დაგვითმობენ და არც ასე შემდეგო. როდესაც ველი გასუფთავდება, მაშინ ასეთ ჯანსაღ ახალგაზრდებს, რომლებიც, პირველ რიგში, გამოდიან ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან და არა რომელიღაც უცხო ძალის ინტერესებიდან, გაეხსნებათ გზა და ექნებათ მეტი და მეტი მოტივაცია, რათა პოლიტიკურ პროცესებში მიიღონ მონაწილეობა“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.