„150 ათასზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით და ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ თუ გვინდა, რომ მინიმალურად თავისუფალ გარემოში ჩატარდეს არჩევნები, მნიშვნელოვანია მთავარი ოპოზიციონერი ლიდერი იყოს თავისუფალი. - ამის შესახებ  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

" საქართველოს მოქალაქემ კარგად ნახა ის გმირული მოქმედება, რომელიც განახორციელა პრეზიდენტ სააკაშვილმა, როცა გადადგა ნაბიჯი, რომელიც უკავშირდებოდა ივანიშვილის პოლიტიკურ მძევლობაში ყოფნას და მან ეს გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოში დადგეს ცვლილებები, შეიცვალოს ის დამოკიდებულება, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლებას აქვს საქართველოს მოქალაქისადმი ჩვენ ვხედავთ, რომ ასი ათასობით ჩვენი თანამოქალაქე ტოვებს ქვეყანას დაბალი ანაზღაურების, უმუშევრობის, გაჭირვების, ფასების გაძვირების გამო და ყველას უნახავს თუ როგორ შეუძლია ჭაობიდან გამოყვანა ამ ქვეყნის პრეზიდენტ სააკაშვილს.

ეს ერთხელ მან უკვე გააკეთა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად და ის გმირობა, რომელიც ჩაიდინა პრეზიდენტ სააკაშვილმა, როცა მან საკუთარი ჯანმრთელობა, სიცოცხლე და თავისუფლება გადადო საკუთარი ქვეყნისთვის, ამიტომაც არის, რომ 150 ათასზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა, ამიტომაც არის, რომ ასი ათასობით ადამიანია, ვისაც უნდა ღიად გამოხატოს მისი მხარდაჭერა პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ და ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომელსაც უნდა ამ ქვეყანაში ცვლილება იმისთვის, რომ ყველა ოჯახში იყოს კეთილდღეობა და არ ჰქონდეს მხოლოდ ერთეულებს, როგორც დღეს ივანიშვილმა მიგვაჩვია. ქუთაისიდან, სადაც ყველაზე დიდია ფაქტობრივად ემიგრაცია და ქუთაისელებმა ძალიან კარგად იციან როგორ დაიცალა ქუთაისი ქუთაისელებისგან, როგორ გაუნადგურა პერსპექტივა ივანიშვილმა და მისმა ხელისუფლებამ ქუთაისს, მათ ყველაზე კარგად ესმით თუ როგორი მნიშვნელოვანია სააკაშვილის ჩართულობა დღევანდელ დღეს იმისთვის, რომ ამ ქვეყანას მოუტანოს ცვლილებები და ეს ცვლილებები სჭირდება ხალხს.

მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ვინც ხელი მოაწერა, არ შეუშინდა თავისი მონაცემების დაფიქსირებას და ასევე ყველა ჩართულ ადამიანს, რომელიც წვიმაში, ქარში აგროვებდა ამ ხელმოწერებს. დღეს ეს ხელმოწერები უკვე ჩავა დედაქალაქში და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს არაფერი არ დარჩენია გარდა ერთისა - მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და გაათავისუფლოს პრეზიდენტ სააკაშვილი.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა