“9 აპრილს, 17:00 საათზე, ქვეყნის მთავარ გამზირზე - რუსთაველზე, მნიშვნელოვანია შევიკრიბოთ პოლიტიკური პატიმრებისთვის, მიშას თავისუფლებისთვის და ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის“.- განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.
„ვივამედის“ განცხადებას მიხეილ სააკაშვილის გადაყვანასთან დაკავშირებით, გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახლადარჩეული თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი, სადაც მან აღნიშნა, რომ „ვივამედის“ ეს განცხადება მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე და ამიტომაც უნდა მოხდეს მისი გადაყვანა ჰუმანიტარული მისიით;
„განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთ მნიშვნელოვან ფაქტს - პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობა უკეთესობისკენ ვერ და არ შეიცვალა. ფაქტია, რომ აქ ვერ უზრუნველყოფენ მის მკურნალობას და ეს განცხადება ადასტურებს მხოლოდ ერთ რამეს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე და მეტიც, საავადმყოფო ამბობს, რომ ისინი ვერ უზრუნველყოფენ მის ჯანმრთელობას. აქედან არის მხოლოდ ერთი გამოსავალი, მოხდეს პრეზიდენტ სააკაშვილის ჰუმანიტარული მისიით გაყვანა იმ ქვეყანაში, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე“.
ლევან ხაბეიშვილმა ასევე მოუწოდა მოქალაქეებს 9 აპრილს დაანონსებულ აქციაზე, სადაც თითოეული მოქალაქის ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გამარჯვების გასაღები მხოლოდ და მხოლოდ ქართველ ხალხშია;
„არ დაგვავიწყდეს, რომ გამარჯვება არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ხალხის ხელში. ამიტომ, 9 აპრილს, 17:00 საათზე, ქვეყნის მთავარ გამზირზე - რუსთაველზე, მნიშვნელოვანია შევიკრიბოთ პოლიტიკური პატიმრებისთვის, მიშას თავისუფლებისთვის და ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის“. - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა