"რუსული ოცნების" ამოცანაა, ქართულ არმიაში როგორმე მოკლას პატრიოტული სულისკვეთება, მაგრამ ცხადია, ეს აუხდენელ ოცნებად დარჩებათ - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

„თავდაცვის ძალების დღე, მინდა მივულოცო ჩვენს გამორჩეულ და საამაყო სამხედროებს, რომლებიც ღირსეულად ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას. ჩვენი სამხედროები ღირსეულად დგანან ჩვენი სამშობლოს და ხალხის უსაფრთხოების დასაცავად.

რეალურად, რუსული ოცნება ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ებრძვის ქართულ ჯარს. დევნის პატრიოტ ბიჭებს, რიგითებს, ოფიცრებს, გენერლებს, ყველას, ვინც პუტინის რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის ...

11 წელია "რუსული ოცნების" ამოცანაა, როგორმე დაშალოს, მიწასთან გაასწოროს და მოკლას პატრიოტული სულისკვეთება ქართულ არმიაში, მაგრამ ცხადია, ეს მათ აუხდენელ ოცნებად დარჩებათ.

სამწუხარო რეალობაა, რომ ჩვენს ჯარს ფინანსურადაც ძალიან გაუჭირვა რუსმა ოლიგარქმა. მაქსიმალურად ცდილობენ, ჯარისკაცები ფინანსური წნეხის ქვეშ ჰყავდეთ და ჯარიდან გააქციონ ქვეყნის პატრიოტები...

საბოლოოდ, იქამდე მიიყვანეს საქმე, რომ თავდაცვის მინისტრად, ბიძინა ივანიშვილის “ქართუ ბანკის”, პლასტიკური ბარათების დეპარტამენტის სპეციალისტი დანიშნეს. რუსმა ოლიგარქმა პირდაპირ დაიქვემდებარა ჯარი ... მიუხედავად ამისა, ის ვერ მოახერხებს დაიმორჩილოს არმია.

ხელისუფლების შეცვლიდან მეორე დღესვე, რადიკალურად შეიცვლება ეს დამოკიდებულება და მიდგომები. დაფასდება თითოეული ჯარისკაცი, ოფიცერი და ამაყად გავაგრძელებთ ქართული ჯარის მშენებლობას“, - წერს ლევან ხაბეიშვილი.