„რუსი ოლიგარქის მმართველობის პირობებში დამყარდა როგორც პოლიტიკური, ასევე საბანკო ოლიგარქია, მაფიოზური მმართველობა. ამასობაში,  საქართველოს მილიონ 600 ათას მოქალაქეს აქვს სესხი. ეს არის 2022 წლის მონაცემები, მხოლოდ ბანკიდან,  მიკროსაფინანსო  დაწესებულებებიდან კი - 694 ათას ადამიანს. 2020 წლის მონაცემებით 300 ათასზე მეტ ადამიანს ლომბარდში აქვს ქონება“, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე  ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა. 

მისი თქმით, საქართველოში ბანკის პროცენტს თავისუფალი ბაზარი კი არ ადგენს, არამედ საბანკო მაფია - ოლიგარქია.

როგორც ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, პირველ კვარტალში ბანკების წმინდა მოგებამ შეადგინა 600 მილიონი ლარი, 2022 წელს კი, ეს რიცხვი შეადგენდა 2 მილიარდ 100 მილიონ ლარს. დეპუტატის განცხადებით, შედარებისთვის, 2012 წელს, წინა ხელისუფლების პირობებში, ბანკების წმინდა მოგება იყო 134 მილიონი ლარი, ანუ  ბანკების მოგება 15-ჯერ გაიზარდა.

„ჩვენ ვპირდებით საქართველოს მოქალაქეებს, რომ რუსული ოცნების დასრულების პარალელურად, როგორც კი გავხდებით ევროკავშირის წევრები, მაშინვე დასრულდება როგორც ოლიგარქიული მმართველობა, ასევე ოლიგარქიული - საბანკო მმართველობა ქვეყანაში“, - განაცხადა დეპუტატმა.