"გახარია ჩემს თვალში ჩვეულებრივი კრიმინალია. ისევე გააყალბა 2018 წლის არჩევნები, როგორც ამათ გააყალბეს 2024 წლის არჩევნები. არაფერი სხვაობა არაა", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "დღის ნიუსრუმი" განაცხადა და აღნიშნა, რომ გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილს გაურიგდა.
მისი თქმით, გახარიას პარტიას ამ დრომდე არ გაუუქმებია მანდატები და უარს არ ამბობს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე.
„ვიდრე გახარიას პარტია იტყოდა, რომ არჩევნებში შევა, რამდენიმე თვის წინ მე ვთქვი, რომ გახარია გარიგდა ბიძინა ივანიშვილთან კონკრეტული სარგებლის გამო. ამ დრომდე მათი მანდატები გაუქმებული არ არის, ესენი უკვე ამბობენ, რომ ივანიშვილის არჩევნებში შევლენ. ჩემი აზრით, რასაც ვამბობდი, რომ ეს ხალხი გარიგდა ივანიშვილთან, დასტურდება. გარიგებულია. რის სანაცვლოდ? იმისთვის, რომ თავისუფლად იაროს. თქვენ რა გგონიათ, გახარიას დანაშაულები არ ჩაუდენია თუ რა? რა გგონიათ, რომ გახარია ანგელოზია? გახარია ჩემს თვალში ჩვეულებრივი კრიმინალია. ისევე გააყალბა 2018 წლის არჩევნები, როგორც ამათ გააყალბეს 2024 წლის არჩევნები. არაფერი სხვაობა არაა. გახარიას კისერზეა ია კერზაიას მკვლელობა, მრავალი ადამიანისთვის თვალების დათხრა და.შ. ამიტომ, ის რომ თავისუფლებაზე იყოს, ჩემი აზრით, გარიგებულია ბიძინა ივანიშვილთან. მე არ მინდა, დავუშვა, რომ სხვა რომელიმე პარტიაც, მაგალითად, „ლელოც“ გარიგდება ბიძინა ივანიშვილთან. რატომ? ბიძინა ივანიშვილის „გაპრავება“ და მის მხარეს გადასვლაა, ვინც ახლა ბიძინას სპექტაკლში მიიღებს მონაწილეობას“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.