საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წინ, პროდასავლური კურსის გამოსახატავად აღმართული ევროკავშირის დროშის ჩამოგდება, დაწვა და მსგავსი შეურაცხმყოფელი ქმედებები, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის არათუ შემაფერხებელი ფაქტორია, არამედ ასევე შეურაცხყოფს ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში წერს.
„მინდა, გამოვეხმაურო დღეს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ყველა კონსტიტუციურმა ორგანომ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღოს ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წინ, პროდასავლური კურსის გამოსახატავად აღმართული ევროკავშირის დროშის ჩამოგდება, დაწვა და მსგავსი შეურაცხმყოფელი ქმედებები, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის არათუ შემაფერხებელი ფაქტორია, არამედ ასევე შეურაცხყოფს ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს, ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით, რომელიც კონსტიტუციური ჩანაწერით არის გამყარებული.
რა თქმა უნდა, ადამიანთა ნებისმიერ ჯგუფს აქვს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, თუმცა ნებისმიერი შეკრება უნდა იყოს მშვიდობიანი, არ უნდა ახალისებდეს ძალადობას და არ ეწინააღმდეგებოდეს ქვეყნის კონსტიტუციურ პრინციპებს“, – აცხადებს ლევან იოსელიანი.
„ალტ-ინფოსა“ და „კონსერვატიული მოძრაობის“ წარმომადგენლებმა დღეს პარლამენტის შენობასთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობასთან აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს, ხოლო მის ადგილზე რამდენჯერმე სცადეს საქართველოს დროშის აღმართვა. ვითარება პოლიციამ განმუხტა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
მოგვიანებით, პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ისევ აღმართეს.