“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ პარტია გადადის განსაკუთრებული მუშაობის რეჟიმზე.“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.
„პოლიტიკურმა საბჭომ დღეს გადაწყვიტა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გადადის მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე და ჩვენ ვაპირებთ ყველა ქალაქში, რაიონში, ცხადია ჩვენს მოსახლეობასთან შეხვედრას, მათ შორის იქნება რეგიონული კონფერენციები, სადაც ასევე იქნება საკითხი დაყენებული პრეზიდენტ სააკაშვილის განთავისუფლების. მნიშვნელოვანია, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება ეს ღონისძიებები, მათ შორის საპროტესტო აქციები. „ნაციონალური მოძრაობა“ არ აპირებს ზაფხულში დასვენებას, არ აპირებს მოსვენება მისცეს რუსულ რეჟიმს და აპირებს განსაკუთრებული რეჟიმით იმუშაოს. ასევე ჩვენმა პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა სტრუქტურულმა ერთეულმა, იმ კონკრეტულმა წარმომადგენლობამ, რომელიც მუშაობს ჩვენს პარტნიორებთან ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, უზრუნველყოს მაქსიმალურად საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის პოზიტიური გადაწყვეტილებები. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ქართველმა ხალხმა რუსული რეჟიმის გამო ამ ქვეყანაში და ბიძინა ივანიშვილის გამო კანდიდატის სტატუსი არ დაკარგოს. ეს ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული დღეს პოლიტსაბჭოზე. თქვენ იცით, რომ 50 ახალი ოფისი გაიხსნა საქართველოს მასშტაბით და სოფლების დონეზეც კი ვეცდებით მაქსიმალურად ჩამოვაყალიბოთ ლოჯისტიკური ცენტრები, სადაც ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს შეეძლებათ აქტიურობა, ჩართულობა და ყველა ადამიანის ჩართვა რუსული ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ არის მნიშვნელოვანი და განსაკუთრებულ მუშაობის რეჟიმზე გადავდივართ.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
„სიმბოლურია, რომ პარტიის პირველი არჩევითი პოლიტსაბჭოს სხდომა იმართება მიხეილ სააკაშვილის ყვარლის სახლში. პოლიტსაბჭომ მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გადადის განსაკუთრებულ რეჟიმზე ბრძოლის და ამ ბრძოლის მთავარი საკითხი, ეს არის მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლება, რადგან დღევანდელი საზდოების, ქართველი ხალხის სირცხვილია, რომ მთავარი ევროპის მედროშე, ადამიანი, რომელმაც გზა გაუკვალა საქართველოს ევროპაში, პუტინის რეჟიმის პატიმარი არის და ამ მიმართებით უნდა გადავდგათ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯები, რომ საზოგადოებრივი პროტესტიც უზრუნველყოთ და ასევე სხვა პოლიტიკური პარტიები დავარწმუნოთ, რომ ერთიანობა არის მნიშვნელოვანი მათ შორის ამ საკითხებში, თუ გვინდა, რომ ქვეყანამ ევროპული პერსპექტივა მიიღოს. ამავდროულად მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარეობს „ქართული ოცნების“ მიერ ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილება და ამ მიმართულებით მუშაობა და ბრძოლა გასაგრძელებელია. მთელი ეს ზაფხული იქნება განსაკუთრებული მუშაობის რეჟიმი იმისათვის, რომ საზოგადოების მობილიზება მოვახდინოთ ამ ორ მნიშვნელოვან საკითხზე.“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა.